საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

„ბრიტანეთში დაფუძნებული, მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული და დიზაინის კომპანია, რომელიც ინოვაციური შენობების, ურბანული სივრცეებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის პროექტირებით გამოირჩევა, დაინტერესებულია, საქართველოში კერძო სექტორში მიმდინარე პროექტებთან ერთად, სახელმწიფო პროექტების განხორციელებაშიც მიიღოს მონაწილეობა. Zaha hadid Architects-ის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ამ მიმართულებით თავიანთი ხედვები წარუდგინეს.

ლევან ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა მსგავსი მასშტაბის კომპანიის საქართველოს ბაზარზე საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი არქიტექტურული თუ სამშენებლო კომპანიების შემდგომ ზრდას, პროფესიული კვალიფიკაციისა და ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.