სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა 10 თვეში 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით 54 744 ლარის ოდენობის, ხელფასი პრემია და დანამატი აიღო.
ამის შესახებ „აიპრესს“ თბილისის მერიიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამგორის გამგებელმა 2016 წლის 7 თვეში ხელფასის სახით 18 922 ლარი აიღო, ამდენივე რაოდენობა შეადგინა მის მიერ აღებულმა დანამატებმაც. გამგებელს პრემია მხოლოდ ერთხელ აგვისტოში ჩაერიცხა 1300 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება 2017 წელს, მერიიდან 3 თვის ანაზღაურება მოგვაწოდეს იანვრიდან მარტის ჩათვლით. მოცემულ სამ თვეში გამგებელმა 7800 ლარის ოდენობის ხელფასი აიღო. ამდენივე რაოდენობის დანამატი ჩაერიცხა გამგებელს. 2017 წლის მოცემულ პერიოდში გამგებელს პრემია არ აუღია.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ბაგრატიონი სამგორის გამგებლის თანამდებობას 2016 წლის ივნისიდან იკავებს. მან ამ თანამდებობაზე მამუკა ჩოქური შეცვალა. რომლის ყოველთვიური ხელფასი და დანამატი 2 600-2600 ლარი იყო. ყოფილმა გამგებელმა მაისის თვეში მხოლოდ ხელფასი აიღო, 433.33 ლარის ოდენობით. მას 2016 წლის ხუთ თვეში, რა დროსაც გამგებლის თანამდებობა ეკავა პრემია არცერთხელ არ აუღია.
ჩვენ საჯარო ინფორმაციაში ასევე ვითხოვდით გამგეობის უშტატო და შტატიან თანამშრომლებზე გაცემულ ხელფასებს, პრემიებსა და დანამატებსაც ცალ-ცალკე ან ჯამურად, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.