დასკვნის პირველივე პარაგრაფი ცრუ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონის საბოლოო ტექსტი მასში შეტანილი დამატებითი ცვლილებებით დაუყოვნებლივ არ გასაჯაროებულა. ამ ინფორმაციის გახმოვანებისას ვენეციის კომისია ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტ-სტატიას ეყრდნობა, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა. დასკვნაში ასახულ ძირითად საკითხებზე საუბრისას, ქურასბედიანმა განმარტა, რომ დაზუსტებები კანონპროექტში მეორე მოსმენით განხილვისას შევიდა და პარლამენტის ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გასაჯაროვდა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის აპელირება, თითქოს კანონი ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მის დამტკიცებას მრავალსაათიანი საკომიტეტო და პლენარული სხდომები უძღოდა წინ, რაშიც ჩართული იყო როგორც რადიკალური ოპოზიცია, ისე არასამთავრობო სექტორი.

„სინამდვილეში, აღნიშნული დაზუსტებები კანონპროექტში შევიტანეთ მისი მე-2 მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვასიტყვით გაჟღერდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შესაბამისად, ეს დაზუსტებები ჯერ კიდევ, კანონის მიღებამდე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გასაჯაროვდა.

ამასთანავე, ვენეციის კომისია აპელირებს, რომ კანონი თითქოს ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული და თითქოს მის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს არ ჰქონიათ.

სინამდვილეში შეგახსენებთ, რომ, კანონპროექტის განხილვა სტანდარტული პროცედურით ყოველგვარი დაჩქარების გარეშე, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მრავალსაათიან საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მიმდინარეობდა, სადაც რადიკალური ოპოზიცია სრულად იყო წარმოდგენილი. განხილვაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად მონაწილეობდნენ, გვახსოვს ყველას." - განაცხადა ქურასბედიანმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, იმ ფაქტს, რომ კომისიის დასკვნის თანახმად, საპროტესტო აქციები სრულიად მშვიდობიანი ხასიათის იყო, თუმცა, საზოგადოებამ იხილა აქციის მონაწილეების მხრიდან სამართალდამცავებზე თავდასხმის, პარლამენტზე შტურმის და სხვა სახის ძალადობრივი ფაქტები. "ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის ტექსტი გაჯერებულია მიკერძოებული შეფასებებით, თითქოს საპროტესტო აქციები სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა მაშინ, როცა ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენ, ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ სამართალდამცავებზე თავდასხმის, საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის, შესასვლელების ძალადობრივი ბლოკირებისა და ქონების დაზიანების უამრავი ფაქტი." - აღნიშნა სალომე ქურასბედიანმა.

ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დღეს დასკვნა გამოაქვეყნა