გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი საჯარო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა.

სტუდენტებთან საუბარი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობას და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.

 „შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე უკვე შესრულებულ და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რაც მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღების ნაწილში. ასევე ვისაუბრეთ ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების პროცესზე. სტუდენტებთან ვიმსჯელეთ კიდევ რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ  კიდევ უფრო მეტად დაჩქარდეს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წინსვლა და გაძლიერება“, - განაცხადა სალომე ქურასბედიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 დეპუტატმა აგრეთვე უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების, გენდერული თანასწორობის, ევროინტეგრაციის და სხვა საკითხებზე.