სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით:



16 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების, მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.

საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით, რუსეთი დღემდე განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ადგილზე უკანონო კონტროლის გაძლიერების მიზნით სამხედრო,  პოლიტიკური და საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესის გაფართოებას; გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში, სისტემატური დარღვევა, მათ შორის, ეთნიკური დისკრიმინაციით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, უკანონო დაკავებებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით, საკუთრებაზე და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვით. ამასთან, ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი დღემდე მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობას.

ამასთან, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გრძელდება შერიგების პროცესისა და ადამიანთა შორის მზარდი კავშირების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები, ოკუპირებული რეგიონებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დანარჩენი საქართველოსგან შემდგომი ხელოვნური იზოლაციის მიზნით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა საკუთარი მანდატის სრულყოფილი შესრულებისა და ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.

საქართველოს ტერიტორიების დღემდე მიმდინარე უკანონო ოკუპაციასა და აგვისტოს ომის შემდგომ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორისაა 2023 წლის შემოდგომაზე, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი თამაზ გინტური; კვლავ დაუსჯელნი რჩებიან მისი, ისევე როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეების - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე და პასუხისმგებელი პირები.

საქართველოს მთავრობა, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებული, ინტენსიური თანამშრომლობით, განაგრძობს მაქსიმალურ ძალისხმევას ოკუპაციის მძიმე შედეგებთან გასამკლავებლად.

საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებასა და განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი, უსაფრთხოების და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობის უმთავრეს მიზნად რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია. აღნიშნულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის პირობებშიც კი, საქართველოს მთავრობა მტკიცედ და განუხრელად აგრძელებს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, რაც, დეოკუპაციისკენ მიმართულ ძალისხმევასთან ერთად, მიზნად ისახავს ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის დიალოგის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობის ხელშეწყობას, ასევე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივების შეთავაზებას, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის კონტექსტში. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს სტატუს-ნეიტრალური და ჰუმანიტარული მიდგომით, რომლის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი ღირსება და კეთილდღეობა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი უაღრესად მნიშვნელოვნად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას და კონსოლიდირებული ძალისხმევის გაგრძელებას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი განმტკიცების მიზნით; ასევე, საერთაშორისო პარტნიორების როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 08.08.2008 - აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა