საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სამი ანგარიში მოისმინეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ზოგადად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამი სხვადასხვა კუთხით ამოწმებს უწყებებს: ფინანსური, კანონთან შესაბამისობისა და ეფექტიანობის მიმართულებებით.
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წამყვანმა აუდიტორმა, მეგი კოდოშვილმა წარადგინა. მისი თქმით, აუდიტის ობიექტები იყვნენ: სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, გარემოს ეროვნული სააგენტო და სოფლის განვითარების სააგენტო. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2023-2024 წლებს. მისივე ინფორმაციით, ნაკლოვანებების იდენტიფიცირების შედეგად აუდიტის სამსახურის მხრიდან 3 რეკომენდაციაა გაცემული.
შპს „საქართველოს მელიორაცია“ 2021-2022 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“ ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე შერმადინმა გააცნო ჯგუფის წევრებს. მისი თქმით, ძირითადი მიმართულებები იყო ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულება, ბიზნეს გეგმების შექმნა და მათი შესრულება, სახელმწიფო შესყიდვები, აქტივების მართვა და განკარგვა, კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებები და შრომის ანაზღაურება. მომხსენებლის ინფორმაციით, გაცემულია 4 რეკომენდაცია. რეკომენდაციები კანონთან შესაბამისობისა და ეფექტიანობის მიმართულებით გაიცა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სხდომას წარუდგინა ანგარიში - ფერმათა/ფერმერთა რეესტრის ფორმირებისა და ადმინისტრირების პროცესი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი კაპანაძის განცხადებით, ანგარიშის პერიოდი მოიცავს 2021-2024 წლებს. ობიექტები იყვნენ სოფლის განვითარების სააგენტო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მისივე თქმით, აუდიტის მიზანი იყო, ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვების, გამოყენებისა და შენახვის პროცესის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის განსაზღვრა. აუდიტმა სამსახურის მიმართ 4 რეკომენდაცია გასცა.
შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა თითოეულ ანგარიშთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრეს, რა კეთდება რეკომენდაციების შესრულების მიზნით და რა ეტაპზეა აღნიშნული პროცესი.




