საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გრძელდება პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა, ასევე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად.

„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად 27 582 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს.

საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ კვლავ გრძელდება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის უკანონოდ დააკავა 3 439 ადამიანი, მათგან 1 935 – ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 504 ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით. განსაკუთრებით ყურადსაღებია, ე.წ. საზღვრის კვეთისთვის ბოლო წლების განმავლობაში გახშირებული უკანონო პატიმრობები. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში ცხრა მოქალაქე რჩება.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციით გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის. საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, ეს უკანონო პროცესი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობად წარმოაჩინოს და ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ სუბიექტებად დაამკვიდროს. 2008 წლიდან დღემდე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 56 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები, ღობეები და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერია გავლებული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ხელოვნური ბარიერების სიგრძე 49 კმ-ს აღემატება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ფიქსირდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია და სხვადასხვა უფლების შელახვა. აღნიშნულთა შორისაა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის აკრძალვა, დე ფაქტო დოკუმენტაციის გაცემის შეზღუდვა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, ჯანდაცვის სერვისებსა და სხვა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. ამავდროულად, ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II, რომლითაც სასამართლომ ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონში რუსეთის მიერ განგრძობადად ეფექტური კონტროლის განხორციელების ფაქტი დაადგინა. ასევე, 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის ფედერაციას, სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში, საქართველოსთვის თანხის გადახდა დაეკისრა“, – ნათქვამია  განცხადებაში.