„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძისა და გივი თარგამაძის საქმეები პროკურატურაში გადაიგზავნება. ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მათი საქმეები პროკურატურაში გადაიგზავნება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.
„ნიკა გვარამიასთან მიმართებით შეტყობინების ოფიციალური პროცედურა წარიმართა კანონით დადგენილი წესით. მან თავადვე დაადასტურა, რომ მისთვის აბსოლუტურად ზედმიწევნით იყო ცნობილი, რომ 8 აპრილს, 10:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო კომისიის წინაშე და სახეზეა მისი გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება, არ მოსულიყო. შესაბამისად, გთავაზობთ, კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი, ნიკა გვარამიას საქმის საქართველოს პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ. სამდივნოს ვთხოვ, დღის ბოლომდე, სხდომის დასრულებამდე, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული დოკუმენტები შეკრიბოს და დადგენილი წესით მოამზადოს მისი საქმე პროკურატურაში გადასაგზავნად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, გივი თარგამაძის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები სამდივნოს მზად აქვს და სამდივნოს კენჭისყრის დასრულებისთანავე შეუძლია, გადააგზავნოს პროკურატურაში მომდევო საათის განმავლობაში.
„წინა კვირიდან გვაქვს დარჩენილი საკითხი, რომელიც შეეხება გივი თარგამაძეს. გივი თარგამაძის შემთხვევაში მის საცხოვრებელ მისამართზე მან პირადად ჩაიბარა შეტყობინება და ასევე საჯაროდ, როგორც სხვა პირებმა განაცხადა, რომ არ აპირებს კომისიაზე მოსვლას. 3 აპრილს, როდესაც ის იყო დაბარებული, ყველამ ვნახეთ, რომ არც გამოცხადდა. აქაც შეტყობინების პროცედურა კანონით დადგენილი წესით და სრულყოფილად არის დასრულებული და კომისიის წევრებს ვთავაზობ, კენჭი ვუყაროთ გივი თარგამაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხს. გივი თარგამაძის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები სამდივნოს უკვე მზად აქვს, ამიტომ კენჭისყრის დასრულებისთანავე სამდივნოს შეუძლია, რომ გადააგზავნოს ის მომდევო საათის განმავლობაში საქართველოს პროკურატურაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, პროკურატურას გადაეგზავნება ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეც, რადგან, ჯაფარიძემ ბევრჯერ განაცხადა, რომ არ აპირებს კომისიის წინაშე გამოცხადებას არც დღეს და არც ხვალ.
„ჩვენ დღევანდელ სხდომაზე 11:00 საათზე ველოდით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. შეტყობინების პროცედურა აქაც არის დასრულებული და მან გუშინ, როგორც სამდივნო გვატყობინებს, სამდივნოს ოფიციალური არხებით მოიწერა საყვედური, რომ ვაწუხებთ მას, რადგან ბევრჯერ განაცხადა, რომ არ აპირებს კომისიის წინაშე გამოცხადებას არც დღეს და არც მომავალში. შესაბამისად, შეტყობინების პროცედურა დასრულებულია და ვაყენებ კენჭისყრაზე საკითხს, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძის საქმეც გადაეგზავნოს შემდგომის სამართლებრივი შეფასებისა და რეაგირების მიზნით საქართველოს პროკურატურას. ამ საკითხზეც სამდივნოს დაევალოს, რომ სხდომის დასრულებამდე ყველა მტკიცებულება და დოკუმენტაცია შეკრიბოს და დღის ბოლომდე გადაეგზავნება საქართველოს პროკურატურას.
შესაბამისად, დღეს პროკურატურის წინაშე იგზავნება გივი თარგამაძის, ნიკა გვარამიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეები. სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.