„ქართული ოცნება“ ჰიბრიდულ ომში იმყოფება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ასრულებს პუტინის რუსეთის დავალებებს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
„ფაქტობრივად, ბინძური დავალებების შესრულების მთელი ინფრასტრუქტურა გადმოიბარა წინა ხელისუფლებისგან ამ ხელისუფლებამ, ოღონდ განსხვავება არის დიამეტრული, ესენი არიან სამშობლოს მოღალატეები. ახლაც ვხედავთ, რა ხალხი არის სამშობლოს ღალატში ჩართული და რუსული სპეცოპერაციის გათეთრების მცდელობაში რა ხალხი არის ჩართული. არავის ეგონოს, რომ პასუხისმგებლობა არ ექნება ინდივიდუალური, იმიტომ რომ დიახაც, ივანიშვილისთვისაც დადგება პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მაგრამ საქართველოს ევროპული პერსპექტივის, ანუ განვითარების და კეთილდღეობის შესაძლებლობის მკვლელობაზე ვინც ხელი მოაწერა, ამ ხალხსაც აუცილებლად მოეთხოვება ქართველი ხალხის მიერ და უკვე რეფორმირებული, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მიერ ყველას მოეთხოვება პასუხი იმაზე, რომ ისინი ცდილობენ ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის დამხობას. სხვა არაფერი ჰქვია ამას, იმიტომ რომ ჩვენს კონსტიტუციაშია ჩანაწერი იმაზე, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ვხედავთ, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერს საპირისპიროს აკეთებს. „ქართული ოცნება“ ჰიბრიდულ ომში იმყოფება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ასრულებს პუტინის რუსეთის დავალებებს“, - განაცხადა საბა ბუაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.