პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე ბილეთების ყიდვის პრაქტიკაზე სოციალურ ქსელში წერს.
საბერძნეთთან თამაშის ბილეთები ელექტრონულად ორიოდე საათში გაიყიდა. მისი ნაწილი, როგორც ამბობენ, რამდენიმე ასეულ ლარად უკვე გამოჩნდა შავ ბაზარზე. ზოგი უკმაყოფილოა იმით, რომ ვერ მოასწრო ყიდვა, ზოგიც იმით, რომ გადამყიდველები ხეირობენ.
დავიწყოთ იმით, რომ ფეხბურთის ფულიანი ფანატი ან სულაც უფულო, რომელსაც უღირს ბოლო თეთრის გაღება თამაშზე დასასწრებად, ვერ მოხვდებოდა მასზე, რომ არა გადამყიდველები. ისინი ავსებენ სისტემის ხარვეზებს საბაზრო მეთოდებით. როცა ბაზრის კანონები არ მოქმედებს, მოქმედებას იწყებს მისი დამახინჯებული ფორმა.
გადამყიდველები ყოველთვის იყვნენ, ე. წ. მევახშეებისა არ იყოს. ქუჩაში, წვიმაში, მთელი დღე ბილეთის ცოცხალ რიგში დგომას კომპიუტერთან თუნდაც სამი საათი ჯდომა რომ სჯობია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ეს ტექნოლოგიური პროგრესის სიკეთეა. პრობლემას ამ სიკეთის არარაციონალურად გამოყენება ქმნის.
დღეს მოქმედი ბილეთების გაყიდვის სისტემა სოციალისტურია. ამავე დროს, ღარიბ ქვეყანაში მსგავს ღონისძიებაზე მოსახვედრად სოციალური ფაქტორების და “შემთხვევითობის” ელემენტების ( “ვინც დაასწრებს, ის იყიდის”) შემოტანა რომ გარდაუვალია, ესეც ფაქტია. მაშინ, როგორ შეიძლებოდა ეს მექანიზმი უფრო სამართლიანი და ეფექტიანი ყოფილიყო, თუ განაწილების ყველაზე სამართლიან, საბაზრო მექანიზმებს ( ანუ მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორს) გამოვრიცხავთ?
ბილეთების გაყიდვის წესი დაახლოებით ასე შეიძლება გამოიყურებოდეს: 55 ათასი ბილეთიდან, ვთქვათ, ათასი ცალი იყიდება ათას ლარად, 3 ათასი ცალი 500 ლარად და ა.შ. დახლოები 5-7 ათასი რომ გაყიდულიყო ძალიან მაღალ და მაღალ ფასებში, ნამატი შემოსავალი არა გადამყიდველის ჯიბეში აღმოჩნებოდა, არამედ ფეხბურთის ფედერაციის ბიუჯეტში.
თუ ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების სტრუქტურას დავაკვირდებით, ადვილად მივხვდებით, როგორი შეიძლება ყოფილიყო ყველაზე მაღლიდან ყველაზე დაბალი ფასის ბილეთების პროცენტული თანაფარდობა. დღეს მოქმედი სისტემაც ხომ შემოსავლების დონეზეა გათვლილი. ეს თამაში საბერძნეთში რომ ყოფილიყო, ბილეთს სულ სხვა ფასი ექნებოდა, გაცილებით დიდი. იქაც შემოსავლებია ორიენტირი, იქაც არაა სუფთა საბაზრო წესი, რადგან ფეხბურთის მატჩი სოციალური მოვლენაცაა ( ფაქტობრივად, სუბსიდირებულია).
ვისაც ბილეთი არ გერგოთ და ვერ წარმოგიდგენიათ, რომ სტადიონზე ვერ მოხვდეთ, ამისთვის გადამყიდველებს უნდა უთხრათ მადლობა. რომ არა ისინი, დიდ უსამართობა გამოვიდოდა-ფული გაქვს და საქონელი ვერ გიყიდია:))