სამებაში სტალინის ხატის არდამგმობი პოლიტიკური პარტიის ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში. ადრე თუ გვიან ამას მოხვდება ამომრჩეველი. - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ალტინფოს” ჯვარი პარლამენტთან დადგეს (მერიამ მოიწერა, ნებართვა არ გაგვიციაო), “პატრიოტთა ალიანსის” სტალინის ხატი კი სამებაში გამოფინეს. ეს არის ქართული საერო და სასულიერო ხელისუფლების დეგრადაციის სახე.
ამ მახინჯი სიმბოლოების მოცილება თითოელი პარტიის ( პარლამენტის ლირსებას ლახავს ეს სისხლიანი ჯვარი, რასაც ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე შეეწირა) და პატიოსანი მოქალაქის ( მრევლის) ვალია. მსგავს რამეს ვერ უნდა ბედავდეს ვერც ერთი და ვერც მეორე “ხელისუფალი”.
პოლიტიკოსები უნდა შეეშვან რელიგიით მანიპულირებას. სანთლებით, ჯვრებითა და სასულიერო პირების ხელებზე მთხვევით “გაბრწყინებული” ფოტოების საჯაროდ გამოფენა რწმენის მაჩვენებელი კი არ არის, არამედ ამომრჩევლის გულის მოსაგებად გამიზნული მავნე და იაფფასიანი პროპაგანდისტული აქტი. სამებაში სტალინის ხატის არდამგმობი პოლიტიკური პარტიის ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში. ადრე თუ გვიან ამას მოხვდება ამომრჩეველი. - წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ: 6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელიც მისი თქმით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა ისევ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, გიორგი კანდელაკმაც. მოგვიანებით, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა: ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა განაცხადეს, რომ რუსი წმინდანის ხატი სამების ტაძარს მათ შესწირეს.