აგენტების რუსული კანონის მიღებით გამოწვეული კრახის შემდეგ, ქართულ ოცნებას უნდა “მგრძნობიარე თემებით” წინასაარჩევნოდ მანიპულირება - "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" მიერ დღეს დაინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, ეხმაურება, რომელიც 17 მაისის ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დაწესებას და უქმე დღედ გამოცხადებას ითვალისწინებს.

"ღალატს ვერ გადაფარავს ვერავითარი საკანონმდებლო ინიციატივები.

აგენტების რუსული კანონის მიღებით გამოწვეული კრახის შემდეგ, ქართულ ოცნებას უნდა “მგრძნობიარე თემებით” წინასაარჩევნოდ მანიპულირება. 17 მაისი, ე. წ. ოჯახის სიწმინდის დღე ოფიციალურ, უქმე დღედ უნდათ რომ გამოაცხადონ და არაკონსტიტუციური კანონიც უნდათ რომ მიიღონ ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით. იციან, რა, რომ კონსტიტუციის საწინააღმდეგო ეს კანონი გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში, ამით წინასაარჩევნოდ ტრადიციების დაცვის მოწინააღმდეგეებად გამოაცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს.

"ქართულმა" ოცნებამ კიდევ ერთხელ მოატყუა ხალხი. ვითომ საკონსტიტუციო ცვლილებებს იხილავდნენ, დადიოდნენ რა რეგიონებში, მაშინ როცა მისი მიღების შანსი ნულოვანი იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის გამო. გამოიყენეს ეს დრო ფაქტობრივად საარჩევნო კამპანიისათვის და საკონსტიტუციო ცვლილებები დაივიწყეს. ამის გარეშე დააინიცირეს დღეს ისეთი კანონპროექტი, რომელიც არის მორიგი რუსული კანონის ნაირსახეობა.

ამაზე მავნე, ბნელი და რუსული ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია. მისი ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზეა" - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

17 მაისის ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დაწესება და უქმე დღედ გამოცხადება შესაბამის კანონმდებლობაში აისახება