როცა შიდა ბრძოლებში შედიხარ, ცოტა სხვაზეც უნდა იფიქრო, ხომ არ უფუჭებ ვინმეს საქმეს. ეს ჩემს ყოფილ თანაფრაქციელებს ეხება, რომლებთანაც ვინარჩუნებთ ადამიანურ და კოლეგიალურ ურთიერთობას. - ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე თავის ყოფილ კოლეგებს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართავს:
"იუსტიციის საბჭოში ხელისუფლების მიერ მართული ადამიანების დანიშვნა და მოსამართლეთა კლანის გაძლიერება ვერ მოხდებოდა ოპოზიციის ხმების გარეშე. ამაში მათ წაეშველა ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია. ახლა მიდის იმის გარჩევა, თუ ვინ რა როლი ითამაშა ამ პროცესში და არ წყდება ურთიერთბრალდებები. ერთ-ერთი ასეთი ბრალდებაა ერთი მხარის მხრიდან მეორე მხარისადმი ის, რომ ნატო ჩხეიძისა და ნიკა მაჭუტაძის პარტიას თურმე შეპირდნენ ცალკე პოლიტიკურ ჯგუფის შექმნას ხმების სანაცვლოდ. ეს არ არის სწორი და არ გამოდგება სერიოზულ არგუმენტად. სჯობია რეალურ მიზეზებში გაერკვნენ.
პოლიტიკური ჯგუფი ქართულმა ოცნებამ შეუქმნა მათგან გამოყოფილ ეგრეთ წოდებულ ხალხის ძალას. რეგლამენტში ამ ცვლილებებით ისარგებლეს გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა და მათაც შექმნეს პოლიტიკური ჯგუფი, ხოლო მე და ხატია დეკანოიძეს უარი გვითხრეს იმ მიზეზით, რომ თურმე ეს ცვლილებები არ ეხებოდა ბლოკში შემავალ პარტიებს. გამოდიოდა, რომ ქართულ ოცნებას შეეძლო შეექმნა ზუსტად 40 პოლიტიკური ჯგუფი, ჩვენ კი ერთიც არა.
ქართული ოცნების მიერ ჩვენი ჯგუფის დაბლოკვას მოჰყვა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია. არასამთავრობოებმა დადეს სამართლებრივი დასკვნა, რომ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება იყო უკანონო. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა 12 რეკომენდაციის სულისკვეთებას და უარყოფითი რეაგირება მოჰყვა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. მანამდე მე და ხატია დეკანოიძემ, ორი კვირის წინ დავარეგისტრირეთ ცვლილებები რეგლამენტში დაჩქარებული წესით.
რატომ მოხდა მისი გატანა ბიუროზე გუშინ, ორშაბათს და არა წინა ორშაბათს? იმიტომ რომ ბიუროზე კანონპროექტები რეგლამენტის მიხედვით გადის მხოლოდ ორშაბათობით. იმ ორშაბათს იმიტომ არ განიხილეს, რომ კანონპროექტის დარეგისტრირება უნდა მომხდარიყო წინა ოთხშაბათამდე. ჩვენ შევიტანეთ ხუთშაბათს. რომ არა ეს შეზღუდვები, ჯგუფის შექმნა თან დაკავშირებულ ცვლილებებს უკვე იქნებოდა მიცემული მსვლელობა იმაზე ადრე, ვიდრე მოსამართლეთა საკითხზე მოხდებოდა კენჭისყრა.
გამომდინარე აშკარა ორმაგი სტანდარტისა და სხვა სახის დისკომფორტისა, უმრავლესობამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა რომ ხელი არ შეეშალა ხატიას და ჩემს მიერ ჯგუფის შექმნაზე. მაშინ ნატო ჩხეიძის ჯგუფზე საუბარიც კი არ იყო.
ახლა პატარა ლირიული გადახვევა-ეგღა აკლდა ქალბატონ ნატოს, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, დაეკარგა თანაშემწე, წარმომადგებლობითი კლასის ტოიოტა ქამრი, ქამრის მძღოლი და მძღოლის საწვავი თვეში 400 ლიტრის ოდენობით. მსგავსი რამ პოლიტიკურ ჯგუფს არა აქვს. ერთადერთი, რაც პოლიტიკურ ჯგუფს აქვს, სპეციალისტების დასაქირავებლად გამოყოფილი ბიუჯეტია, რომელსაც ვერ გამოიყენებ სხვა რამეში, გარდა მათი ხელფასებისა. ამ ფულით ვერ შეიძენ საწვავს, ვერ იყიდი ქაღალდსა და ევრც საქართველოს დროშას და თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც სახინკლეში დაპატიჟებ საპატიო უცხოელ სტუმარს. ე. წ. წარმომადგენლობით ხარჯებს პარლამენტის ხელმძღანელობა განაგებს. ჩვენი ინტერესი რა არის? გვქონდეს გამოსვლებში არა 3, არამედ 15 წუთი, ვიყოთ ევროსაბჭოსა თუ სხვა საპარლამენტო ასამბლეებში წარმოდგენილნი, გვქონდეს კომიტეტებზე მინისტრების თუ სხვა პირების დაბარების უფლება, ანუ ჩვენი პოლიტიკური მოძლიერება და პარლამენტში ჩვენი მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა.
და ბოლოს, რატომ ამსიგრძე პოსტი? ჯერ ერთი, ამეხსნა სიმართლე. მეორეც, ის ინტერპრეტაცია, რაც კეთდება ამ საკითხებთან დაკავშირებით გვაზიანებს მე და ხატიას. არ არის გამორიცხული, ქართულმა ოცნებამ, რომ არ დაბრალდის იმ ხუთეულის მოთაფლვა( პოლიტჯგუფი რა “თაფლია” კი ავხსენი), უარი თქვას რეგლამენტში ცვლილებების შეტანაზე. ამიტომ ორ კურდღელს დაიჭერენ, ჩვენ ისევ სამწუთიან უუფლებო დეპუტატებად ჩაგვტოვებენ, თავიანთ ნამუსს კი ჩამოირეცხავენ( ისე, მაგათ რა გარეცხავს).
როცა შიდა ბრძოლებში შედიხარ, ცოტა სხვაზეც უნდა იფიქრო, ხომ არ უფუჭებ ვინმეს საქმეს. ეს ჩემს ყოფილ თანაფრაქციელებს ეხება, რომლებთანაც ვინარჩუნებთ ადამიანურ და კოლეგიალურ ურთიერთობას" - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.