მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება არის მავნებლური განცხადება და ძალიან მდარე საარჩევნო პროპაგანდა, რომ „არც ნაცები, არც ქოცები“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, წინასაარჩევნოდ ოპოზიცია კონსოლიდირებული და სოლიდარული უნდა იყოს, ამის ნაცვლად, ოპოზიციაში განხეთქილების ელემენტები შემოაქვს.
„ხელისუფლება თუ შეიცვალა, „ნაცმოძრაობას“, გახარიას პარტიას და მთელს ოპოზიციას თანამშრომლობა მოგვიწევს. დღეს ამ განცხადების გაკეთება „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. პარტიული ლიდერები ექიმები არ არიან, მათ არ აქვთ ადამიანის ჯანმრთელობაზე საუბრის უფლება. ის თუ რა მდგომარეობაში იყო სააკაშვილი და როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმის დასკვნებიდან ჩანს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ავადმყოფი სააკაშვილის ციხეში გადაყვანას მძიმე პროცესი და დაძაბულობა მოჰყვება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს.
„მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.