გუდაურში რომ საშინელი ფასებია, ეს კონკურენციის არარსებობის ბრალია. ფასების წამალი კონკურენციაა. სიხარბეს თავისი შედეგი მოაქვს-ცარიელია კურორტი. - წერს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
"გუდაურში რომ საშინელი ფასებია, ეს კონკურენციის არარსებობის ბრალია. ფასების წამალი კონკურენციაა. სიხარბეს თავისი შედეგი მოაქვს-ცარიელია კურორტი. რუსებიც არ ჩამოდიანო, ჩივიან. როცა ვლადიკავკაზი თბილისზე ახლოსაა და მაინც არ ჩამოდიან, ეს პირველ რიგში, ფასების და დაბალი ხარისხის მომსახურების ბრალია. 70 ლარი რომ ეღირება საბაგიროზე ასვლა ერთი დღით და 40 ლარი პიცა ან ხაჭაპური, რატომ ჩამოვა აქ ევროპელი. თავისთან ნახავს უკეთესს ხარისხითაც და მომსახურებითაც.
“ სპარშიც”, ვითომ ბრენდში, ორმაგი და სამმაგი ფასებია. თბილისის არც თუ ისე იაფიან “ევეროპროდუქტში” თუ უცხოური “გაუდას” ყველი კილოგრამი 40 ლარი ღირს, აქ 80 ლარი ადევს ფასი.
ვერავის დააძალებ რა ფასი დაადოს, პირიქით, ეს უკუშედეგს გამოიწვევს. რეგულირება კი არაა საჭირო, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხელისუფლება ეწევა, არამედ დერეგულირება, ბიზნესის კეთების გამარტივება.
ქვეყანაში, სადაც 8 მილიონი ტურისტი ჩამოდის, ქართველი გიდები უნდა ემსახურებოდნენო. სადაა ამდენი გიდი ან ამდენი ენის მცოდნე. ვინ იცის, რას უყვებიანო, ევროპაში ასეაო და ა. შ. სისულელეა ეს ყველაფერი. გუდაური კი თავისი მოუწესრიგებელი მშენებლობებით და ინფრასტრუქტურით კიდევ უფრო შეუხედავი გამხდარა. რაც კორონობა დაიწყო, არ მენახა." - წერს რომან გოცირიძე.