პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით,  მე-9 მოწვევის პარლამენტის სიმბოლო ლარის კურსი და გავრილოვია.
როგორც რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, 4 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ ყოველი ორი ლარიდან ერთი ლარი მოპარა ხალხს. „4 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ ყოველი ორი ლარიდან ერთი ლარი მოპარა ხალხს, გააღარიბა და გააღატაკა. ამ პარლამენტის მეორე სიმბოლო არის გავრილოვი. ამ დარბაზიდან, კარიდან შემოვიდა და მეორე კარიდან მოხდა მისი გაპანღურება. გავრილოვის გაძევებამ გამოიწვია ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაცია, რომელმაც საბოლოოდ უზრუნველყო ქვეყნის გადასვლა პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც გახდება ამ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებების საფუძველი. ერთი სიტყვით როგორ შეიძლება შეფასდეს პარლამენტი - მორჩილ ადამიანთა გუნდი, აგრესიული საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც დაიშალა და დღეს მისი ნამსხვრევები შემორჩა. ადამიანები, რომლებიც ბოლომდე მონა-მორჩილნი დარჩნენ ერთი არაფორმალური მმართველისა და ადამიანებს, ვისაც ჰქონდა ღირსება, გადაირჩინეს რეპუტაცია და არ იმყოფებიან მათთან ერთად. ეს არის პარლამენტი, რომელმაც დაამტკიცა უღირსი მოსამართლეები. პარლამენტი, რომლის ფუნქცია იყო ბიძინა ივანიშვილის დავალებების სამართლებრივი გაფორმება და ღილაკზე ხელის დაჭერა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასეთი პარლამენტი საქართველოს თავის ისტორიაში აღარ ეყოლება”, - განაცხადა რომან გოცირიძემ. მისივე თქმით,  მიმდინარე მოწვევის პარლამენტში ოპოზიცია იყო „ბარიერი, რომელიც პარლამენტს ხელს უშლიდა მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების განხორციელებაში”.