გიორგი გახარიას პარტიის მიერ დებატებზე უარის თქმას, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, როგორც ჩანს, მათ დებატებში მონაწილეობის მიღება ეშინიათ.

"დებატები ეს არის დემოკრატიისთვის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი და ვინც მყარად დგას საკუთარ არგუმენტებში, ის არასდროს გაურბის დებატებს. პირიქით, მისი ინტერესიც არის, რომ საზოგადოებამ ნახოს ის არგუმენტები, რომლის საფუძველზეც დაუჭერს მხარს ამა თუ იმ პოლიტიკურ გუნდს. ვინც გარბის დებატებიდან, სინამდვილეში გარბის პოლიტიკიდან. ჩვენ არ გვიკვირს, ვინაიდან ეს რადიკალური ჯგუფები სინამდვილეში არიან არა პოლიტიკური პარტიები, არამედ პოლიტიკური პროექტები. როგორც ჩანს, მათ ძალიან ეშინიათ თუნდაც დებატებში მონაწილეობის," - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.