"ნაციონალური მოძრაობა" რომ ტრაგედიებით მოსარგებლე იყო, ეს დიდი ხანია, საქართველოში ვიცოდით, მაგრამ სულ ახლახან ეს საქართველოს მიღმაც გაიგეს. ვგულისხმობ, ნავალნის დაღუპვის ფაქტს, როცა მათ განაახლეს დეზინფორმაციის კამპანია სააკაშვილთან დაკავშირებით, პარალელის გავლება სააკაშვილსა და ნავალნის შორის. ვფიქრობ,  ეს ერთ-ერთი ყველაზე ამორალური უპასუხისმგებლობაა ჩვენს პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

"ნავალნი რუსეთში დაბრუნდა საჯაროდ, სააკაშვილის საქართველოში შემოიპარა არაჟნებით სავსე კონტეინერით, ქურდულად, მალულად. მისი მიზანი მხოლოდ ქვეყნის არევა იყო. ნავალნი სასჯელს იხდიდა უმკაცრესი სასჯელის კოლონიაში და ძალიან მძიმე პირობებში, სააკაშვილი კეთილმოწყობილ ორ-ოთახიან ლუქსში არის საკაბელო ტელევიზიით და ყველა პირობით უზრუნველყოფილი. ნავალნისთან საპატიმროში ადვოკატებიც კი ვერ შედიოდნენ, სააკაშვილს ორი ათასამდე მნახველი ჰყავდა. ნავალნი ნამდვილად ღირსეულად იხდიდა სასჯელს, სააკაშვილისგან ვხედავდით ხან გასტრონომიულ ფალსიფიკაციას, ხან სიმულაციას. ასევე, მისი ოჯახის მხრიდან მილიონობით დოლარის გადახდას საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებისთვის. ერთი ნამდვილად იყო პოლიტპატიმარი, მეორე ნამდვილად არის კრიმინალი, რომელმაც საქართველოს შიგნით გაამწარა ათასობით ოჯახი, ხოლო სტრასბურგში მის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, არსებობს ასი ვერდიქტი.

ნავალნის არც მაშინ დაუთმია რუსეთის მოქალაქეობა, როცა რუსეთიდან წავიდა და არც მაშინ, როცა ბრუნდებოდა. სააკაშვილმა საკუთარი კეთილდღეობისთვის დათმო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა. მან საქართველოს პასპორტი გაცვალა სხვა ქვეყნის გუბერნატორის სკამზე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ პარალელის გავლებით ვინმეს გული აუჩუყდება ან შეცდომაში შევა, ცდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.