უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, დღეს, რაც სკოლებში ხდება ეს კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია.

მისი განმარტებით, მსგავსი სიბინძურე ევროპაში, საჯარო სკოლებში ჰიტლერისა და ლენინის შემდეგ არავის უკადრებია, მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა.

“მე ვარ “ქართული ოცნების“ პარტიის წევრის და ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ ყველაფრის შეფასება მოხდეს სწორედ უფლებადაცვითი კუთხით. ვინაიდან, ის რასაც ჩვენ ვხედავთ სკოლებში და რასაც კადრულობენ “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მსგავსი სიბინძურე საჯარო სკოლებში ევროპაში ჰიტლერისა და ლენინის შემდეგ არავის უკადრებია, მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა. ჩვენ გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში “მიშა-მიშას“, რომ აძახებინებდა სკოლის მოსწავლეებს. დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ სკოლებში, ეს კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. სახეზეა ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბება ბავშვებისათვის, რაც ძალიან სახიფათო შეიძლება იყოს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკრიმინაციული მოპყრობა და ჩაგვრა ბავშვების მიმართ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.