ეს ფილმი სინამდვილეში არის ბინძური პასკვილი, რომელიც ნამდვილად არის დაკვეთილი და მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დეზინფორმაციის გზით დაზიანებას. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამ ფილმში მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ჩვენ, როგორც წესი, უსამშობლოებს ვუწოდებთ," - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ის თავის მართლებები, რაც დღეს ცალკეულ ფიგურანტებს აქვთ, კიდევ უფრო სამარცხვინო და უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ მათ, თუმცა ამ ადამიანებისგან ჩვენ არაფერი გვიკვირს," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
„ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.
ამასთან, „ბიბისის“ მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დაიწყო.








