იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში სტუმრობისას კიდევ ერთხელ ისაუბრა 2012 წლამდე ციხეებში არსებულ ვითარებაზე და განაცხადა, რომ მაშინდელი ხელისუფლება ხშირად ჭორებს და მოგონილ ამბებს უწოდებდა იმ სისასტიკის შესახებ არსებულ ინფორმაციას, რომელიც ჟონავდა ციხის გარეთ.

„იმისთვის, რომ დამყარებულიყო მაქსიმალური მორჩილება, პატიმრებს ეთანამშრომლათ ციხის ადმინისტრაციასთან, როგორც კი შედიოდა პატიმარი ციხის ტერიტორიაზე, მას ეგრევე ხვდებოდა „საკარანტინო პროცედურები“, რაც გულისხმობდა ხელკეტებით მათ სასტიკად ცემას. იმისთვის, რომ  თავიდანვე სცოდნოდათ, რომ ისინი უკვე შევიდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც აღარ არსებობს სამართალი, და რასაც ეტყვიან, ის უპირობოდ უნდა შეასრულონ, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისჯებოდნენ კიდევ უფრო სასტიკად.არსებობდა სპეციალური ჩაფხუტები, პირში თავსდებოდა სპეციალური ბურთი, რომ არ ესაუბრათ. მათ შეეძლოთ ერთმანეთში ესაუბრათ მხოლოდ ჩურჩულით და თუ ოდნავი ხმა მაინც გამოვიდოდა, მათ ისევ და ისევ გაატარებდნენ ხელკეტების ქვეშ. ასევე, როცა პატიმარი მოთავსდებოდა კარცერში, იქ იყო სპეციალური ლოგინი, რომელიც იყო აკეცილი და დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე პატიმარს არ შეეძლო  დამჯდარიყო. თუკი დაჯდომა მოუნდებოდა, უნდა დამჯდარიყო ცემენტის იატაკზე.  მათ ეზღუდებოდათ საკვების მიღება და საპირფარეშოთი სარგებლობაც კი.  ასეთ სამწუხარო და, პირდაპირ რომ ვთქვათ, დანაშაულებრივ პრაქტიკასთან გვქონდა საქმე 2012 წლამდე.

ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომელსაც სასამართლოც აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2012 წლის შემდგომ გაბედეს პატიმრებმა ამ დანაშაულებზე საუბარი, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ დანაშაულებრივი რეჟიმით, რომელიც არსებობდა პენიტენციურ დაწესებულებებში, მათ მიღწეული ჰქონდათ უკვე თავიანთი მიზნისთვის, ანუ შიში იყო დასადგურებული.  თუკი ვინმე გაბედავდა, ხმა ამოეღო ან ახლობლისთვის ეთქვა ცემის ან არაადამიანური მოპყრობის შესახებ, მას კიდევ უფრო დაუმატებდნენ და მისი წამება და მისგან გამოწვეული როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ტკივილი იქნებოდა კიდევ უფრო მძიმე. ეს სახელმწიფოს სახელით მოქმედი ბოროტმოქმედები უკვე, ფაქტობრივად, განაგებდნენ თავიდან ბოლომდე იმ ადამიანების ბედს, რომელთა უფლებებიც  მათ უნდა დაეცვათ და უნდა ეზრუნათ მათთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე. ახორციელებდნენ, ასევე, შანტაჟს პატიმრების ახლობლებზე და იყენებდნენ მათ გარკვეული პოლიტიკური დანიშნულებითაც კი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.