კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ თუ რომელიმე იურიდიული პირი, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში ექცევა, არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს და დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. სანქციის სახით გათვალისწინებულია 25 ათასი ლარის ჯარიმა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედების ვადა მითითებულია კანონში და ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში, პირველი აგვისტოდან უკვე შეეძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება.
„ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან ამ კრიტერიუმებში, პირველი აგვისტოდან უკვე შეუძლიათ განაცხადის გაკეთება. ორგანიზაცია თუ არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე კანონში არის გაწერილი შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას. კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, რომ თუკი რომელიმე იურიდიული პირი, რომელიც ექცევა ამ კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში, არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს და დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, მას დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა და სანქციის სახით გათვალისწინებული არის 25 ათასი ლარის ჯარიმა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იძულებითი რეგისტრაცია რა პროცედურით მოხდება, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ოფისებში შესვლა, დარბევა ხდებოდა და დღეს ყველაფერი კანონით გაწერილი პროცედურით მოხდება.
„ოფისებში შესვლაში, ალბათ, წარმოგიდგენიათ და გინდათ, საზოგადოება მორიგ ჯერზე შეიყვანოთ შეცდომაში, რომ ვინმე აპირებს სპეცჯგუფებით, ნიღბიანებით შესვლას ოფისებში. მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რა თქმა უნდა, არ არის. ეს დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანი ადამიანები შედიოდნენ, მათ შორის თქვენ კოლეგა ტელევიზიაში შედიოდნენ, არბევდნენ პირდაპირ ეთერში ადამიანებს ნიღბებით. ეს ყველაფერი უკვე წარსულს არის ჩაბარებული. დაივიწყეთ ეს დრო, ნუ გაქვთ წარმოდგენა, რომ მსგავსი რამ საქართველოში ოდესმე განმეორდება. არ განმეორდება,იმიტომ რომ მათ შორის არჩევნებში თქვენი ტელევიზიის დამფუძნებელსაც არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში. გამორიცხულია ეს ამბავი. შესაბამისად, ნიღბებით ვერც ერთ ტელევიზიაში თქვენ ვეღარ იხილავთ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, შემიძლია, დაგამშვიდოთ. პროცედურებს რაც შეეხება, გიმეორებთ, ვინც დაემორჩილება კანონმდებლობის მოთხოვნებს, მოუწევს მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის წარდგენა იმის შესახებ, თუ ვისგან მიიღო კონკრეტული თანხები და რაში დახარჯა. მეტს არავინ ეკითხება, ეს არის სიმართლე. რეგისტრაცია როგორ მოხდება, ამას იხილავთ შემდეგ. ფინანსური დოკუმენტების შესახებ ახლა ყველა წვრილმან, ტექნიკურ დეტალზე ხომ ვერ ვისაუბრებ? ამის შესახებ შეგიძლიათ, დარეკოთ იუსტიციის სამინისტროს ცხელ ხაზზე და ჩვენი ოპერატორები, დარწმუნებული ვარ, უმაღლეს დონეზე მოგაწვდიან ამის შესახებ ინფორმაციას. ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ კანონს. გამოქვეყნდება მინისტრის ინსტრუქცია, რომელშიც დეტალურად, დანართების დონეზე იქნება აღწერილი ყველა პროცედურა. ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული პროცედურა, რომელშიც რაიმე საგანგაშოს არათუ მე, არამედ დარწმუნებული ვარ, თქვენც რომ წაიკითხავთ, ვერაფერს დაინახავთ, რაც არ უნდა მოინდომოთ. ძალიან მარტივია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.