„რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა მისი მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში. ის არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე და გიდასტურებთ, რომ მას აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი და ნდობა, საზოგადოებას მის მიმართ აქვს სიმპათიები. ეს ადამიანი არის კარგი მენეჯერი და დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ღირსეულად დაამარცხებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“. ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისი თაოსნობით დაფუძნდა, არის ძალიან მოხარული, რომ სწორედ ბატონი ივანიშვილია სიის სათავეში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის წარდგენაზე.
რატი ბრეგაძის განცხადებით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით გახდა შესაძლებელი „ნაციონალური მოძრაობის“ ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხება დემოკრატიული არჩევნების გზით.
„ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ძალიან დიდ ავტორიტეტს წარმოადგენს. სწორედ მისი მეშვეობით და უშუალო ხელმძღვანელობით გახდა შესაძლებელი 2012 წელს იმ ავტოკრატიული რეჟიმის, რომელიც უკვე ტოტალიტარულისკენ იძვრებოდა, დამარცხება, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა ერქვა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით გახდა შესაძლებელი, რომ დამარცხებულიყო ეს რეჟიმი დემოკრატიული არჩევნების გზით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.