„ოპოზიციის დიდ ნაწილს ჩვენზე ბევრად მეტი რესურსი აქვს, ტელევიზიებიდან დაწყებული, ფინანსებით დამთავრებული. ამიტომ, შეიძლება, სცენა ააწყონ და არ შეგიშვან იქ, მაგრამ თვითონაც რომ ვერ გადიან? საბოლოო ჯამში, უზარმაზარი საპროტესტო მუხტი, რომელიც იყო, ისე დასრულდა, რომ არცერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია, თქვას, ეს ხალხი მე მიჭერდა მხარსო, და თუ პოლიტიკოსს არ უჭერ მხარს, მიტინგს არანაირი შინაარსი არ აქვს"- ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისივე თქმით, „გირჩის“ დაბლოკვა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმით არის განპირობებული, რომ პარტია სრულიად განსხვავებულ პოზიციას იკავებს მთელ პოლიტიკურ სპექტრში.
„ვინაიდან ამაში კონკურენტული უპირატესობა გვაქვს, შეიძლება, გულის სიღრმეში კი შურთ, რაც ბუნებრივია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ცდილობენ, დაგვბლოკონ, რათა, უბრალოდ, კონკურენციაში არ შემოვიდნენ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ამასთან, სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიდი სხვაობის შემთხვევაში რამე პრობლემა არ იქნება, რადგან ამ შემთხვევაში ვინც არ უნდა იდავოს, არავინ დაუჯერებს, მაგრამ თუ 1-2%-იანი სხვაობა იქნა, წაგებული ვინც არ უნდა იყოს, ვითარებას ის დაძაბავს.
კითხვაზე, უშვებს თუ არა იმის ალბათობას, რომ ეს კონფიგურაცია, მათ შორის, ითვალისწინებდეს რევოლუციურ სცენარს, იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ 2024 წლის არჩევნების შედეგი და აღნიშნა, რომ მათ ხმების დაცვა მოუწევთ, რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციაში არავინ არ არის, ვისაც ამის გამბედაობა აქვს.
„მიტინგებს როცა ვაკრიტიკებდით, ვეუბნებოდით, ჩვენ ხომ გიცნობთ და ვერავინ ვერც კი გაბედავთ თქვათ, მე ვარ რევოლუციონერიო. სცენაზე ვერ გამოდიოდნენ, ეშინოდათ და რა დროს რევოლუციაა? პოლიტიკოსები ხომ ჩრდილში იყვნენ და სცენაზე არ გამოდიოდნენ, მათ შორის, ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიები, რადგან ხალხი იძახდა, პოლიტიკოსები არ გვინდაო და ამიტომ არანაირი შანსი არ იყო რევოლუციის. იქ ახალგაზრდები რაღაცას რომ ამტვრევდნენ და ახლა იჭერენ, აჯარიმებენ, იმის შედეგი იყო, რომ ვითომ რადიკალურობა ითამაშა ოპოზიციის ნაწილმა, მეორე მხრივ, უბრალოდ, ვერ გაბედეს ეთქვათ, კარგი, მოდი, რევოლუცია მოვაწყოთო, და ვერც გაბედავდნენ“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.