მგონია, რომ ევროპასთან ჩვენი დაახლოების პროცესი ამ ბოლო გაბრძოლების მერე ცოტა უფრო წინ წაიწევს და დათბება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

დასმულ კითხვაზე: „რამდენად ობიექტურია ევროკომისიის შეფასება საქართველოს მიმართ, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ გააჩნია სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირისკენ?“

„მორიგი სტაფილო დაკიდეს, ალბათ ასე შეიძლება, დავარქვათ. მე, შეიძლება, უბრალოდ, დამიჩლუნგდა უკვე რეაქცია, ისევე როგორც ბევრ ჩვენგანს ამ ულტრალიბერალების ნაბიჯებზე, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ პროცესი ევროპასთან ჩვენი დაახლოებისა ამ ბოლო გაბრძოლების მერე ცოტა უფრო წინ წაიწევს და დათბება. ამის საფუძველს თითქოს არაფერი არ იძლევა, მაგრამ იძლევა ის, რომ, პრინციპში, ანალოგიურ ნაბიჯებს და ამ ნაბიჯსაც „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა საპასუხო მკაცრი პოლიტიკა. მე მგონი, ეს პოლიტიკა შედეგს გამოიღებს, რადგან სახელმწიფოს აქვს სიმკაცრის რაღაც რესურსი და ევროკავშირს ნაკლებად აქვს. ისიც კი, რითაც იმუქრება, სანქციები, არც თუ ისე ქმედითი რამ არის არავისთვის და, მით უფრო, საქართველოსთვის“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მისი თქმით, თუ დავაკვირდებით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპული სტრუქტურებიდან ერთი და იგივე შემადგენლობა აქტიურობს.

„იაქტიურონ. იმათ თავიანთი გეგმა აქვთ, ალბათ თავიანთი მიზნები და მეეჭვება, ისინი მაინცდამაინც დემოკრატიის დამყარებას ისახავდნენ მიზნად. ბალტიისპირელები საბჭოთა სიღრმეებიდან წამოსული არიან, ამ სიღრმის ქვეშ სპეცსამსახურებს ვგულისხმობ. არ მგონია, დემოკრატიის მიმართ ისეთი სწრაფვა ჰქონდეთ, რომ საქართველოში დემოკრატიის ყველა ნიუანსზე ჰქონდეთ ეს რეაქცია, რასაც იძლევიან. იქ სხვა თამაშები მიდის. მოკლედ, არ მგონია, წინა მოვლენებთან შედარებით რამე უარესი ბრალდებები ან ნაბიჯები გადაიდგას. ამოიწურა ყველაფერი და, მე მგონი, დიდი მნიშვნელობა ამ პროცესებს სამომავლოდ აღარ აქვს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მისივე განმარტებით,  ჩვენ მეტისმეტად ვართ ფოკუსირებული ევროპაზე, ეს არ ვარგა და უნდა დავაკვირდეთ სხვა მხარეს.

„დავაკვირდეთ ცოტა ოპტიმისტურ მიმართულებას. ტრამპი იყო ჩინეთში, წამოვიდა იქიდან და ჩინეთმა მიიწვია კობახიძე სასწრაფო რეჟიმით. ეს ის ჩინეთია, რომელმაც გერმანიასთან გააფორმა სტრატეგიული ურთიერთობები, ჩინეთი და გერმანია პარტნიორობაში დაინტერესებული ერთ-ერთი მხარეები არიან, ყველაზე უფრო ევროპულ ქვეყნებს შორის. ეს ლოგიკა რომ გავაგრძელოთ, ამ ფონზე არ არის მოსალოდნელი, რომ ევროპამ გააგრძელოს თავისი პოლიტიკური გილიოტინა საქართველოს მიმართ. ვნახეთ, რომ ჩინური ხაზი მოდის, არ გაჩერდა, არ შეუშინდა ჩინეთი ევროპის ამ სანქციებს. ასე რომ, საქართველოს არ ეშინია კი არა მარტო, ჩინეთსაც არ ეშინია საქართველოს მიმართ ევროპული სანქციების და ამყარებს ურთიერთობას საქართველოსთან. ამ ტიპის კლიმატი უკვე უფლებას მაძლევს, ვიყო ოპტიმისტი იმ მხრივ, რომ ადრე თუ გვიან შეიცვლება ევროპული რიტორიკა. იმ ანგარიშს, რაც თქვენ ახსენეთ, ანგარიში არც ჰქვია. ეს იყო გაწერილი სცენარის მიხედვით, რა დოკუმენტი უნდა დადებულიყო საქართველოს თაობაზე, ეგ იყო და ეგ, მეტი არაფერი“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

შეკითხვაზე, რა მდგენელებზეა დამოკიდებული ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ რიტორიკის შეცვლა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკა, მეორე მხრივ, რიტორიკაა, მაგრამ რიტორიკა შეიცვლება, ის ადვილად იცვლება ხოლმე.

„დიდი ქვეყნების ურთიერთობას კიდევ თავისი ლოგიკა აქვს. ეს ჩვენ ვართ, რომ ვცდილობთ, რიტორიკაში თანმიმდევრული ვიყოთ, თორემ დიდ ქვეყნებს არ აქვთ ასეთი ვალდებულება. აგერ, დღეში სამჯერ ცვლის ტრამპი რიტორიკას, მაგრამ მაინც ტრამპია. ასე რომ, იქ სხვა წესები მოქმედებს და ამიტომ დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებ არც ჩვენთან მიმართებით რიტორიკას. მივბაძოთ ტრამპს, ის დიდ მნიშვნელობას არც სხვების რიტორიკას ანიჭებს და არც თავისას, ნებისმიერი ვერბალური პოლიტიკა ნაკლებად აწუხებს და ცდილობს, პრაგმატულ მხარეზე გააკეთოს ფოკუსირება. მე მგონი, ჩვენც იგივე რომ გავაკეთოთ, ცუდი არ იქნება“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.