უკრაინის თემა გაჭიანურდება კი არა, აუცილებლად უნდა გაჭიანურდეს, – ასე უპასუხა ფსიქოლოგმა, პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, იმ ვითარებაში, როცა მსოფლიოს ყურადღება გრენლანდიისკენ არის მიმართული, კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე ხომ არ აღმოჩნდება უკრაინა იმ თვალსაზრისით, რომ გაჭიანურდება მოლაპარაკების პროცესი.
„ჯერ კიდევ ვენსის ცნობილი გამოსვლის შემდეგ, სადაც მან ფაქტობრივად, ფეხი დააბიჯა ევროპას, ტრამპმა დააბიჯა და ახლა გრძელდება ეს ამერიკის ანტიევროპული პოლიტიკა. ვხედავთ, რომ სერიოზული არის თუ არა, უკვე ევროპაც აღარ აკლებს, ერთი ავტობუსი ჯარისკაცები გააგზავნა გრენლანდიაში, ავტობუსის ზომა არის დასაზუსტებელი, მაგრამ არ ეპუება და ამ არშეპუებაზე რეაქცია, მით უმეტეს, ტრამპისნაირ ტიპს უნდა ჰქონდეს ისეთი, რაც წამოსცდა ადრე – არ გინდათ მშვიდობა? ეგრემც გიქნიათ. ეგრემც გიქნიათ ნიშნავს, რომ თუკი ევროპა შეჰყვება ისევ უკრაინის თემას, ვერ გაუძლებს ამ ომის ტვირთს, ვერ აქაჩავს. შესაბამისად, მან უარი უნდა თქვას იმ სიკეთეებზე, რაც ამერიკისგან განებივრებულმა თავის ხალხს მისცა, ომი ამერიკის არის და მე თქვენ პენსიას და ამას და ამას მოგცემთო. ეს ხალხი ხომ განებივრებულია უკვე ასეთი პოლიტიკით და არ აიტანენ საომარი ხარჯებისთვის ბიუჯეტის შეცვლას. ეს ხალხი მოისურვებს ამ ხელისუფლების გაყვანას და სხვის მოყვანას. ტრამპი ომს რომ არ აჩერებს, ამით ის ამზადებს ევროპის ელიტაში ხელისუფლების ცვლილებას. ნათქვამი აქვს, რომ შეიცვლება ელიტა და ჩემი ორიენტაციის ხალხი მოვა ევროპაში, მერე უკვე შეიძლება ლაპარაკი ახალ ევროკავშირზეო. ამასობაში, კიდევ ერთი საინტერესო რამ ხდება, გინდ ცხოველს ურტყა და გინდ ადამიანს, შედეგი ერთია, ვისაც ურტყამენ ის ცდილობს, გაერიდოს, ევროპას ურტყამს ტრამპი და სად უნდა წავიდეს ევროპა? ერთადერთი წასასვლელი მას აქვს რუსეთი. ამიტომ, წესით, ევროპამაც უნდა ჩააქროს უკრაინის ომი, ახლა უკვე ევროპა უნდა იყოს დაინტერესებული უკრაინის ომის ჩაქრობით“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა ამის ნიშანი მერცის განცხადება, რომ რუსეთი თურმე ევროპული ქვეყანაა და წარმომადგენელი უნდა დანიშნოს, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ ეს ნამდვილად არის ამის ნიშანი.
„თან გავიხსენოთ წარსულიც, ერთი შავრაზმული ანალიტიკოსი ჰყავდა რუსეთს, ლეონტიევი, რომელიც მაშინ იძახდა, საბჭოთა პერიოდში, რა უნდა ამ ამერიკას აქ, წავიდეს თავის კონტინენტზე, დაგვტოვოს ჩვენ და ევროპელებიო. ეს ანტიამერიკანიზმი იყო ევროპულ წამყვან ქვეყნებში, არსად არ წასულა ეს და მით უმეტეს, ასეთი დაუდევარი პოლიტიკით, რასაც ტრამპი აწარმოებს, არ არის გასაკვირი. ასე რომ, მე მგონი, სანამ ესენი იქნებიან, ვინც დღეს არიან, ეცდებიან, ნელ-ნელა წამოვიდნენ რუსეთისაკენ, ჩააქრონ უკრაინის მიმართულება და ფაქტობრივად, რუსეთის მიმხრობით ეცადონ ტრამპისთვის სამაგიეროს გადახდას, რადგან ხედავენ, ტრამპიც რუსეთზე აკეთებს ფსონს“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ არის ასეთი ხისტი წინააღმდეგობა ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ტრამპის მიმართ მაშინ, როდესაც ტრამპი ამბობს, რომ ამერიკას სჭირდება გრენლანდია და აწარმოებს ანტიჩინურ და ანტირუსულ პოლიტიკას, რასაც მეორე მხრივ, ევროკავშირის ქვეყნებიც აწარმოებენ და მათ შორის თითქოს, ერთგვარი თანხვედრაა ამ საკითხთან დაკავშირებით, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკა, ან მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესები, ეს პოლიტიკური მხარეების ბრძოლაა.
„ევროპასთან ტრამპის დაპირისპირება დაიწყო არა ევროპასთან, არამედ ულტრალიბერალებთან ტრამპის დაპირისპირებით, რაც თავის მხრივ, დაიწყო თვითონ ულტრალიბერალების ტრამპთან დაპირისპირებით. ბედად, ყურში საყურე გაუკეთეს, ხომ? ანუ, იქ სისხლიანი ურთიერთობაა ამერიკელ „დემოკრატებსა“ და ახლა ევროპელ ლიბერალებს შორის. ასე რომ, ეს პოლიტიკური მხარეების ბრძოლაა. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკა, ან მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესები. ტრამპის მიზანია, მოხსნას ეს ბუდე, რასაც „დემოკრატების“ თუ უტრალიბერალების ძალები ნახულობენ ევროპაში. ამიტომ, ომის გაგრძელებაც მისთვის მისაღებია, გრენლანდიით გაღიზიანება და შემოტყუებაც მისაღებია და ასე შემდეგ. მან თუ არ მოხსნა ეს ძალები, მოდის უკვე არჩევნები და იქ ძალიან ძლიერი ოპონენტი ჰყავს ტრამპს სწორედ ამ ძალების სახით. მას სჭირდება, თავისი მეფობის პერიოდში ეს ძალები საიმისოდ დაასუსტოს, რომ მომავალ არჩევნებში არ გაურთულდეს საქმე, პირადად მას თუ არა, მისი გუნდის ამა თუ იმ წარმომადგენელს“, – განაცხადა საყვარელიძემ.








