ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განმარტა, რა უნდა იცოდნენ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
„არსებობს ორი წესი: ერთი - საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა, რომელიც არის საფუძველი საარჩევნო უბნის შექმნის, მეორე - როდესაც საარჩევნო უბანი შეიქმნება, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა (7 ოქტომბერი), როდესაც არასაკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირს, აქვს შესაძლებლობა, მისი სურვილის შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, გახსნილ საარჩევნო უბანს, მოითხოვოს საარჩევნო რეგისტრაცია და კანონთან შესაბამისობაში ყოფნის შემთხვევაში მას ასევე ექნება შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის, ისევე, როგორც ამ დარჩენილ პერიოდში, შესაბამისი ვადების გათვალისწინებით თუ მიმართავენ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით.
ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხი, რის თაობაზე მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ინსტიტუცია აკეთებდა შესაბამის მიმართვებს, განცხადებებს, ჩართვებს. ამ მიზნით, ცესკოს გვერდზე შეიქმნა სპეციალური ბანერი, მათ შორის ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.