შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს პირადად, საქმის განხილვის საფუძველზე. როგორც არაერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.
„კიდევ ერთხელ განვმარტავთ და ვადასტურებთ, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს პირადად, საქმის განხილვის საფუძველზე. როგორც არაერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს. ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა და არ ნაწილდება არც მის მრჩეველზე და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელზე. ნათელია, რომ გავრცელებული დეზინფორმაცია არანაირ კავშირში არ არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან, არამედ პრეზიდენტის დისკრედიტაციასთან. ეს ყოველივე წარმოადგენს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ფორმას.
რაც შეეხება მათ, ვინც ელოდება შეწყალებას, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არ გაიცემა არც წინასწარი ინფორმაცია და არც არანაირი დაპირებები შეწყალებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.