საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მშვიდობის გლობალური სამიტის ფარგლებში, მოლდოვას პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით ზურაბიშვილმა და სანდუმ მოსაზრებები გაცვალეს რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე.

„შვეიცარიაში სამიტზე გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოსა და მოლდოვის ევროპული გზის მიმართ, საქართველოს პრეზიდენტმა მაია სანდუს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროპულ გზაზე მალე ერთად განაგრძობენ სვლას.

პრეზიდენტებმა შეხვედრისას მოსაზრებები გაცვალეს რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომელიც ორივე ქვეყნის დღევანდელ რეალობასა და ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. აღინიშნა, რომ რუსეთი საკუთარი ინტერესების მიხედვით, მიმდინარე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მოვლენების დროს აძლიერებს ჰიბრიდულ ომს და განსაკუთრებით ააქტიურებს პროპაგანდას, რომელთან გასამკლავებლად ერთობლივი საზოგადოებისა და ხელისუფლების ძალისხმევაა საჭირო.

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში „ვეტინგის“ პროცესით დაინტერესდა. მაია სანდუმ სალომე ზურაბიშვილმა გაუზიარა ინფორმაცია ქვეყანაში „ვეტინგთან“ დაკავშირებით, რომელიც თანხვედრაშია ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.