ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად, ამა თუ იმ პროგრამას, ამა თუ იმ ლიდერს, ან კიდევ არცერთი მოგვწონს და ამიტომ თავს ვიკავებთ. დღეს ჩვენი ისტორიის გადამწყვეტი ეტაპია და ამ ეტაპზე ვდგავართ, სადაც არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი, მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს, ახალ ეკონომიკას, ესე იგი, ახალ, ევროპულ სახელმწიფოს. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"არ გეგონოთ, რომ ამ ისტორიულ ამოცანის წინაშე, მე არ ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას. არა როგორც კონკრეტული სამართლებრივი ან მატერიალური ბერკეტების მქონე, რაც არ გამაჩნია, არამედ როგორც მორალური ძალა და სახელმწიფოებრივი პოზიციის გამტარებელი, ამიტომ ამ ძალიან რთულ პერიოდში, მე თქვენს გვერდით ვიქნები, როგორც ამ პროცესების დამკვირვებელი, შემდუღებელი და ზედამხედველი.... ვიღაცას შეიძლება იმედი ჰქონდა, ან კიდევ აქვს, რომ წყენა, შევიწროება, ან სხვა რამ დამღლიდა, გამტეხდა და უარს მათქმევინებდა თქვენ წინაშე დადებულ ფიცზე. პირიქით მე ამ ფიცის უზარმაზარ ძალას დღესაც ვგრძნობ და ბოლომდე ვიქნები ჩემს ადგილზე, ამ ფიცის და კონსტიტუციის ბოლომდე ერთგული.
ასევე, ვიღაცას შეიძლება ძალიან აწყობდეს, რომ გადამიყვანოს პოლიტიკური ჭიდილის არენაზე და რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოზიციის, თუ ოპოზიციის ლიდერად წარმომაჩინოს. ამაოდ! ეს გზა გავლილი მაქვს. მჯერა, რომ ქვეყანას დღეს სწორედ უპარტიო, თუმცა, არა უპრინციპო, სტრატეგიული ხედვის და არა პოლიტიკური ამბიციის და პირადი ინტერესების მქონე სახელმწიფო ლიდერი სჭირდება, რომელიც
ბოლომდე ემსახურება მთავარ მიზანს: საბჭოთა წარსულის ევროპული მომავლით ჩანაცავლებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის სამუდამოდ გამყარებას თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული ოჯახის წიაღში.
უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ მანდატის დროს გადაიდგა ევროპისკენ ესოდენ გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ჩემი ჩართვის მთავარი მიზანი იყო და არის. არც ვაპირებ და არც მჭირდება ვინმეს შევეჯიბრო იმაში, თუ რა წვლილი მიმიძღვის ამ გამარჯვებაში, რამეთუ ეს საქართველოს მიღწევაა! ახლა გარჩევების დრო არაა, არამედ ამ მიღწევის ბოლომდე მიყვანის დროა!
მე, პირადად, ამ მიზნის ბოლომდე მისაღწევად არ დავიშურებ ძალასა და ენერგიას, მცდელობას არ მოვაკლებ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ.
გაფრთხილებთ ყველას, დაინახეთ და შეიგრძენით, რომ ქვეყანა და ჩვენი უაღრსეად დაღლილი და ყველას მიმართ იმედგაცრუებული საზოგადოება, ვეღარ იტანს გაუთავებელ სიძულვილს, ერთი მეორის გამომრიცხავ და გამანადგურებელ არჩევნებს რევანშის ქადაგებას და განტევების ვაცის გაუთავებელ ძიებას. ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და დაცულობა, რაც მთავარია, ქვეყნის მომავლის დანახვა და ამ ქვეყანაში საკუთარი პერსპექტივის აღმოჩენა და დაჯერება. ამიტომ, დღეს, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი.
ქვეყანას სჭირდება ერთობა. საზოგადოებას აღარ სჯერა და აღარ სურს იხილოს არაერთხელ უკვე გავლილი პარტიების გაერთიანების სქემები. ასევე, არ სჯერა ცალ-ცალკე, ტოტალურ გამარჯვებაზე გამოცხადებული პრეტენზიების. სჭირდება რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება და ენერგიის მობილიზება.
მიზანი გაგვაჩნია - ევროპული მომავალი, ამისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ, მომავლის ქარტია -„ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ !
მე მზად ვარ ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო და ჩემს ადმინისტრაციასთან დავაარსო საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას.
ამ მიზნით მომავალ დღეებში ვაპირებ მოვიწვიო პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები. ეს მიდგომა ინკლუზიური უნდა იყოს და მზად ვარ შევხდე და მოვუსმინო ყველას.
სხვა გამარჯვების ფორმულა არ არსებობს, რამეთუ წარსულიდან წამოსული დაქსაქსულობა და დაპირისპირება, მხოლოდ სკეპტიციზმს და უიმედობას გააღვივებს, რაც პირველ რიგში, ქვეყანას ასუსტებს.
გამარჯვების ფორმულაში არ იგულისხმება რომელიმე მხარის, თუ პარტიის გამარჯვება, არამედ ერთობის, ევროპულობის და ქვეყნის გამარჯვება. ისე, როგორც 15 დეკემბერს გაიმარჯვა მთლიანად საქართველომ, ასევე ახლაც საქართველო უნდა გამოვიდეს გამარჯვებული: რეფორმების გატარებითა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ეს სტაბილურობის, მშვიდობისა და წინსვლის ერთადერთი გარანტიაა.
როგორც იყო აქამდე, ჩემი პოლიტიკური გზის ყველა ეტაპზე, ჩემი როლი უცვლელი იქნება: ვიდგები დამოუკიდებლობის, ეროვნულობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის სადარაჯოზე. როგორც დღემდე, ისე ხვალაც ბოლომდე კატეგორიულად შევეწინააღმდეგები საბჭოთა, რუსულ წარსულში მიბრუნებისას ყველა მცდელობასა და ევროპული შესაძლებლობების საბოტაჟს.
დაბოლოს, მინდა ყველასთვის ნათელი იყოს, რომ ეს მშვიდობიანი, სამართლიანი და თანასწორი მომავალი მხოლოდ ჩვენ კი არ გვეკუთვნის, არამედ ეკუთვნის მათ, ვინც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ვეღარ იცავს ვერც ელემენტარულ ადამიანის უფლებებს, ვერც საკუთარ კულტურულ იდენტობას, ვერც ენას, და ვეღარც მიწებს ძალადობრივ გასხვისებისგან. ამის სანაცვლოდ, წინ გვესახება ევროპაში ერთად შესვლის საიმედო და სანდო გზა. ეს არის ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო მომავალი, ეს არის ჩვენი ხალხის ნება და ჩვენი ვალია ეს ნება აღვასრულოთ!" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.