ქართველი ერის სიძლიერის ქვაკუთხედი ყოველთვის იყო ძლიერი ოჯახი. გამორჩეულად მყარი ინსტიტუტი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. ქართველმა ხალხმა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ხმა აიმაღლა და თქვა, რომ ტრადიციული ოჯახი და ოჯახური ღირებულებები არის ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ჩვენი ვალია, გავაძლიეროთ ქართული ოჯახები და ხელი შევუწყოთ ჩვენი ერის გამრავლებას. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აღლუმზე განაცხადა. 

"ჩვენ არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, ამიტომ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მოფრთხილება და მზრუნველობა გვმართებს. უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ინდივიდის წარმატება, საქართველოს წარმატების ტოლფასია. ისევე როგორც ჩვენი სამშობლოს წარმატება უნდა იყოს საქართველოს  თითოეული მოქალაქის წარმატება. სამშობლოზე ზრუნვა მუდამ უნდა ფიგურირებდეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებასა და კარიერაში. სამშობლო მუდამ თან უნდა გვდევდეს თითოეულ ჩვენგანს.

საქართველო არ არის უბრალოდ ინდივიდების ერთობა, არამედ ეს არის, ქართველი ერის მიერ,  საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფოებრიობის უდიდესი და საამაყო ისტორია გააჩნია.

ქართველი ერის საბოლოოდ შეკვრასა და საქართველოს ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებული როლი ქრისტიანობამ ითამაშა. ჩვენ უხვად გვაქვს ისტორიული ფაქტები, თუ როგორ იბრძოდნენ ქართველი სულიერი მამები საერო პირების მხარდამხარ, თუ როგორ იცავდა ერი და ბერი საკუთარ სამშობლოს ერთსულოვნად.

 თუ ჩვენ წარსულში ვახერხებდით ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტებში გაერთიანებასა და სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად მოქმედებას, ესე იგი ეს შესაძლებლობა ჩვენს ერში, თითოეულ ჩვენგანშია.

შესაბამისად, ჩვენი ვალია, საკუთარ თავში ვიპოვოთ ეს ძალა და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი რესურსები და ენერგია მივმართოთ ერთიანი, ძლიერი და აყვავებული საქართველოს ასაშენებლად, რომელზედაც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს. ჩვენ, რომ შევძლოთ ასეთი საქართველოს აშენება, გვჭირდება მრავალმხრივი განვითარება და გაძლიერება. სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვეძებოთ ჩვენი ქვეყნის წარმატების გასაღები.

ძლიერი და ერთიანი საქართველო წარმოუდგენელია ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების გარეშე. 

ჩვენ საბოლოოდ სწორედ მაშინ გავიმარჯვებთ და სისრულეში მოვიყვანთ ერთიანი საქართველოს იდეას, 
როდესაც შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის საერთო სიკეთეებით სარგებლობა ისევე იყოს შესაძლებელი
სოხუმსა და ცხინვალში, როგორც თბილისსა და  ბათუმში, გორსა და ზუგდიდში და ჩვენი ქვეყნის სხვა
ქალაქებში. მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და აყვავებული.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი!
დიდი მადლობა! - - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომლის სრული ტექსტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: არ დავუშვებთ, რომ ქართველი ხალხი მსხვერპლად შეეწიროს გარკვეული ძალების ინტერესებს