შეურაცხმყოფელია, ჩვენს დიასპორას ვუწოდო ნახევრად რუსი, ნახევრად ქართველი, ალბათ ასევე შეურაცხმყოფელია პრეზიდენტისთვის, ვინმეს ეწოდებინა მისთვის ნახევრად ფრანგი, როდესაც ავირჩიეთ ქვეყნის პრეზიდენტად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან უხერხული და შეურაცხმყოფელია ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომელ ქვეყანაში დიასპორის რამდენი წარმომადგენელი ცხოვრობს.
„ეს არის შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელია ჩემთვის, რომ ვუწოდო ჩვენს დიასპორას ნახევრად რუსი, ნახევრად ქართველი და ასევე შეურაცხმყოფელი იქნებოდა ალბათ ქალბატონი პრეზიდენტისთვის, რომ მისთვის ვინმეს ეწოდებინა ნახევრად ფრანგი, როდესაც იგი ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად. ალბათ დამეთანხმებით. ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ, სულ მცირე, დიასპორის ერთი წარმომადგენელი მოვახვედროთ პარლამენტში. არათუ პარლამენტში, ჩვენ ფრანგული დიასპორის წარმომადგენელი – სალომე ზურაბიშვილი დავნიშნეთ, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად. აქედან გამომდინარე, მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო ყველას მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და გაერთიანება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.