ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა, ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ყოველთვის ასე მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ ჩვენ ამ დღეს, მინიმუმ ამ დღეს ვერთიანდებით და ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატულების დღე და ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი, რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, მთავრობას ყავს ძალიან კვალიფიციური პროტოკოლის სამსახურის უფროსი ბატონი დავით ზანთარაია, მინდა, მას მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა
„ასევე ბატონი ილია დარჩიაშვილის უწყების ყველა თანამშრომელს მინდა, მადლობა გადავუხადო, საკონსულოების წარმომადგენლებს, საკონსულოების ხელმძღვანელებს, ყველას, მინდა, მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება დიასპორის საკითხებს, მეგობრებო - ჩვენმა ხელისუფლებამ, რამდენიმე წლის წინ, ჩვენივე ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ დიასპორაზე ზრუნვა არის ხელისუფლების ვალდებულება. ამით ჩვენ ვაღიარეთ პირდაპირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ძალიან უხერხული და შეურაცხმყოფელია ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომელ ქვეყანაში რამდენი დიასპორის წარმომადგენელი ცხოვრობს, ეს არის შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელია ჩემთვის, რომ ვუწოდო ჩვენს დიასპორას ნახევრად რუსი, ნახევრად ქართველი და ასევე შეურაცხმყოფელი იქნებოდა ალბათ ქალბატონი პრეზიდენტისთვის, რომ მისთვის ეწოდებინა ვინმეს ნახევრად ფრანგი, როდესაც იგი ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად, ალბათ დამეთანხმებით. ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ მინიმუმ ერთი წარმომადგენელი დიასპორის პარლამენტში მოვახვედროთ. არათუ პარლამენტში, ჩვენ ფრანგული დიასპორის წარმომადგენელი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დავნიშნეთ, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად. აქედან გამომდინარე, მე მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო ყველას მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და გაერთიანება,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.