ოპოზიციის საქმეა - ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ქუჩაში დარჩება, თუ პარლამენტში შემოვა, არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც იგივე გაიმეორონ, რაც მოახერხეს 4 წლის წინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათი ყველა ნაბიჯი საბოტაჟისა და რევოლუციური პროცესების მიმართულებით, იქნება მორიგი შეცდომა, რომელიც ხელისუფლებას დაეხმარება იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება.
„ამ შემთხვევაში ოპოზიციას, განსხვავებით 4 წლის წინანდელი პერიოდისგან, არაფრის რესურსი არ აქვს. რომც არ შემოვიდნენ პარლამენტში, არაფერი მოხდება, ეს არის ოპოზიციის საქმე, უნდა ქუჩაში დარჩება, უნდა პარლამენტში შემოვა, არავითარი რესურსი არ აქვთ იმისთვის, რომ თუნდაც იგივე გაიმეორონ, რაც მოახერხეს 4 წლის წინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
პირიქით, რეალურად, ასეთი პროცესებით ისინი დაგვეხმარებიან იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება. მათი ყველა ნაბიჯი ამ მიმართულებით, საბოტაჟისა და რევოლუციური პროცესების მიმართულებით, იქნება მორიგი შეცდომა, რომელიც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დაგვეხმარება იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთხელ და სამუდამოდ არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ეს არის ერთადერთი გზა იმისკენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ მოვახერხოთ დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში, დერადიკალიზაცია ამ პოლიტიკური სისტემის და ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ამ ქვეყანაში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.