2022 წლის დასაწყისიდან, საქართველოს მიმართ იყო სერიოზული ინტერესი, რომ აქ გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც სერიოზულად დააზიანებდა რუსეთის პოზიციებს, ორ ფრონტზე ბრძოლა არ იქნებოდა მარტივი რუსეთისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
„საქმეში ჩაერთო კიდევ ერთხელ ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალური ომის პარტიას“, რომელსაც აქვს ძალიან ფართო გავლენები სხვადასხვა ქვეყანაზე, ძალიან დიდ პოლიტიკურ სივრცეში და აქედან მოდის ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე ამ პოლიტიკურ სივრცეში გლობალურ ომის პარტიას აქვს პირდაპირი გავლენა. იქ პირდაპირ მიდის მითითებები ვიღაცაზე, თუ ირიბად რეალიზდება ეს გავლენები და ა.შ. დეტალებში არ მინდა შევიდე. ბევრი ინფორმაცია შეიძლება გვქონდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოო ჯამში კოორდინაცია ერთი ხელიდან არის უზრუნველყოფილი.
2022 წლის დასაწყისიდან, საქართველოს მიმართ იყო სერიოზული ინტერესი, რომ აქ გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც სერიოზულად დააზიანებდა რუსეთის პოზიციებს, ორ ფრონტზე ბრძოლა არ იქნებოდა მარტივი რუსეთისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი გაანადგურებდა ჩვენს ქვეყანას. ვიღაცებს არ ადარდებდათ ჩვენი ქვეყნის ბედი.
ერთადერთი, რაც აინტერესებდათ, იყო რუსეთის პოზიციების შესუსტება. გახსოვთ, როცა რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ომი, ძალიან გრძელი ფრონტის ხაზი გაშალა და შემდეგ, რესურსების სიმწირის გამო, მოუწია ფრონტის ხაზის სერიოზულად შემოკლება. გაიყვანა საკუთარი ძალები კიევიდან, სუმიდან, ხარკოვიდან, ხერსონიდან, დაახლოებით სამჯერ, თუ ოთხჯერ შეკვეცა ფრონტის ხაზი.
წარმოიდგინეთ, ასეთ პირობებში რუსეთი იძულებული რომ ყოფილიყო საერთოდ სხვა გეოგრაფიულ სივრცეში გაეშალა მეორე ფრონტი, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულად დაასუსტებდა რუსეთს სამხედრო კუთხით და ორმაგად დააზიანებდა რუსეთის იმიჯს, მაგრამ ამას უნდა შეწირვოდა ჩვენი ქვეყნის ბედი, თან ისეთი ფორმით, რომ აღდგენაც კი შეიძლებოდა აბსოლუტურად არარეალური გამხდარიყო. ეს იყო ინტერესი, რომელიც დღესაც ძალაშია, მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომელიც დღეს არის უკრაინაში ომის თვალსაზრისით. ამიტომ, აქ ინტერესი საიდან მოდის, ამაზე ჩვენ ჩვენი ლოგიკური დასკვნები გვაქვს. თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა განიხილავს იგივე კანონს, რომელიც არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე საქართველოში მიღებული კანონი. ჩვენთან დაკავშირებით სტოლტენბერგმა გააკეთა განცხადება, როცა დაინიცირდა ეს კანონპროექტი, ამდენი ხანი გავიდა უკვე, რაც თურქეთში ეს კანონი განიხილება და ჯერჯერობით არ მოგვისმენია ნატოს წევრ ქვეყანასთან მიმართებით ასეთი განცხადება. წარმოიდგინეთ, რომ ამ კონკრეტულ თემაზე საქართველოს მიმართ არის მეტი ინტერესი, ვიდრე თურქეთის მიმართ. ჩვენი ლოგიკა მარტივია, თურქეთს ვერ ჩართავ მეორე ფრონტად ამ ომში, საქართველოს ჩართვა არის შესაძლებელი,“- აღნიშნა პრემიერმა.