ჩვენ სხვადასხვა ფორმატში მხარი დავუჭირეთ 600-ზე მეტ გადაწყვეტილებას, სხვადასხვა ტიპის აქტს, რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური პოზიცია არის ძალიან მყარი და ძალიან მკაფიო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.
„აქ იგულისხმება, მათ შორის, ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც გაიგზავნა საქართველოდან უკრაინაში, ასევე იგულისხმება ის, რომ საქართველო დღემდე მასპინძლობს დაახლოებით 26 000 ლტოლვილს უკრაინიდან და უზრუნველყოფილია მათთვის უფასო მომსახურება სხვადასხვა თვალსაზრისით. განსაკუთრებულად ვზრუნავთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ბავშვებზე. მათთვის არის უზრუნველყოფილი უფასო განათლება საქართველოში, მათ შორის, უკრაინულ ენაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ვალი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი ვალია მაქსიმალური თანადგომა გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ და დღევანდელ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.