პრემიერი: მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე

1617341420
არჩილ ტატუნაშვლის დაბადების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სოციალურ ქსელში Facebook ვრცელდბა, სადაც იგი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე.
"დღეს ჩვენი დროის გმირი, არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა.
თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში იგი საკუთარ თავში განასახიერებდა ქართველი კაცის ყველა საუკეთესო თვისებას. ოკუპაციასთან მისი შეურიგებლობა და სამშობლოს ერთგულება სამაგალითოა ჩვენი ახალგაზრდობისთვის, საზოგადოების თითოეული წევრისათვის, მომავალი თაობებისათვის.
მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ბერკეტს -ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოკუპირებულ ახალგორში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს.
35 წლის არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ის წამებით მოკლეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, ტატუნაშვილი გულის უკმარისობით დაიღუპა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ მოხდებოდა. ქუტაშვილს და პავლიაშვილს დოკუმენტები ჰქონდათ ჩამორთმეული და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მათ ოკუპირებული ახალგორის დატოვების შესაძლებლობა 11 მარტს მიეცათ.
ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ის „წითელი ჯვრის“ ჩართულობით, ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს, რის შემდეგაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ექსპერტიზა ჩაუტარდა. წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც სპეციალისტების განცხადებით, დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.
23 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია.არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.