„იგლ ჰილსის“ პროექტის ფარგლებში არათუ არ შემცირდება გამწვანების არეალი, პირიქით, გაიზრდება მწვანე სივრცეების მოცულობა კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

"ათასი სპეკულაციური განცხადება მოვისმინეთ, თითქოს თბილისი დაკარგავს თავის ფილტვებს და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია, მკაფიოდ განვუმარტოთ საზოგადოებას, რომ არათუ არ შემცირდება გამწვანების არეალი, პირიქით, გაიზრდება მწვანე სივრცეების მოცულობა კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ. რაც შეეხება გონიოს, გონიო საერთოდ არ არის გამწვანებული და ის სივრცე, სადაც არ არის მწვანე ნარგავები დღეს, გამწვანდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოეწყობა. აქედან გამომდინარე, არათუ არ შემცირდება მწვანე სივრცეების მოცულობა გონიოში და კრწანისში, არამედ პირიქით, ეს სივრცეები გაიზრდება. რაც შეეხება კრწანისის ტყე-პარკს, რომელსაც ჰყავდა ძალიან ცოტა სტუმარი, ტყე-პარკში 90-იანი წლებიდან მოყოლებული შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე. ტყე-პარკი ისედაც საჭიროებდა რეაბილიტაციას, თბილისის მერიას ჰქონდა წინასწარი გაანგარიშება რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის და სავარაუდო ღირებულება იქნებოდა 158 მილიონი ლარი, რაც უნდა დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რეალურად, რაც უნდა დაეხარჯა ბიუჯეტს, იმას გააკეთებს კომპანია იგლ ჰილსი იმ პროექტის ფარგლებში, რომელთან დაკავშირებითაც საინვესტიციო ხელშეკრულება დაიდო. არათუ არსებულის რეაბილიტაცია განხორციელდება, ამ სივრცეს დაემატება ახალი მწვანე სივრცეები და თუ ადრე ძალიან ცოტა თბილისელი და ჩვენი თანამოქალაქე სტუმრობდა კრწანისის ტყე-პარკს, ეს სივრცე იქნება ღია ჩვენი ყველა თანამოქალაქისთვის და ესეც მნიშვნელოვანი ასპექტია. დღევანდელი მდგომარეობის ნაცვლად, იქ მისვლა იქნება ძალიან სასიამოვნო თითოეული თბილისელისთვის და ესეც იქნება ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი გვერდითი ეფექტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, გარემოს ეროვნული სააგენტო და სხვა შესაბამისი უწყებები ასევე განახორციელებენ პროექტის სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას და აქაც დაცული იქნება კანონით დაცული შესაბამისი პროცედურები, მათ შორის საჯარო განხილვების კუთხით.

„ამიტომ, ეკოლოგიის ნაწილშიც ყველანაირად იქნება უზრუნველყოფილი სახელმწიფო ინტერესების დაცვა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.