ერთი ადამიანისგან არ მომისმენია პროექტის დეტალური, კომპეტენტური გარჩევა, საერთოდ არ შედიან შინაარსში, თუ შედიან იტყუებიან, ადრე იყო „რუსული კანონი“, ახლა არის „არაბული ქალაქი“, ორი სიტყვა შეუძლიათ ატრიალონ, მესამეზე უკვე ვერ გადადიან, ესაა ჩვენი ოპონენტების კომპეტენცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპონენტებს შეეძლოთ, დეტალურად გაერჩიათ ინფორმაცია, რომელიც პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებამ საზოგადოებას მიაწოდა, თუმცა ამ საკითხზე არც ერთხელ არ ყოფილა კომპეტენტური მსჯელობა და ზოგადი მესიჯებით შემოიფარგლებიან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სათქმელი არაფერი აქვთ.
„რაც შეეხება საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარებას, მე არ ვიცი სად გადის ზღვარი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და მარკეტინგს შორის. ესეც კოორდინირებული მესიჯია, რომ თითქოს ჩვენ ვართ დაკავებულები ამ პროექტის მარკეტინგით. ჩვენ საზოგადოებას ვუზიარებთ დეტალურ ინფორმაციას ამ პროექტთან დაკავშირებით. როდესაც სათქმელი არაფერია, რა თქმა უნდა, რაღაც ზოგადი მესიჯებით უნდა შემოიფარგლონ. მე არაერთხელ მოვისმინე სატელევიზიო გამოსვლები, ვნახე სოცმედიაში გაშვებული ვიდეორგოლები, რასაც ჩვენი ოპონენტები ატრიალებენ ამ პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის, მოვისმინე კომენტარები იმ ვიდეორგოლთან დაკავშირებით, რომელიც პირადად მე გავავრცელე. საერთოდ არ შედიან შინაარსში, თუ შედიან იტყუებიან, რომ აი, 10 წლის თავზე მოგება და ეს არის ცოტა და ა.შ.
ტყუილებს მიღმა ვერ გადიან. მე არც ერთხელ, არავის მხრიდან არ მომისმენია კომპეტენტური შეფასება იმისა, რაც ჩვენ საზოგადოებას გავაცანით. ხომ შეეძლოთ, დეტალურად აეღოთ და გაერჩიათ. მაგალითად, იქნებ გადაჭარბებულია ჩვენი განცხადება ეკონომიკურ ეფექტთან დაკავშირებით, იქნებ გადაჭარბებულია ჩვენი განცხადება ბიუჯეტში შენატანებთან, პროექტის მოგებასთან დაკავშირებით და ა.შ. არც ერთი კომპეტენტური მსჯელობა არავისგან. გამოდიან, მათ შორის, სტატუსებით არიან წარმოდგენილი ადამიანები, ზოგი არის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ზოგი ე.წ. სამოქალაქო აქტივისტი, ზოგი ეკონომისტია, ზოგი ფინანსისტი, არც ერთი ადამიანისგან არ მომისმენია ამ ჩვენი ინფორმაციის დეტალური, კომპეტენტური გარჩევა. არ შედიან საერთოდ თემაში. ერთ-ერთი გადაცემა იყო ნახევარსაათიანი, ერთ-ერთ ოპოზიციურ არხზე, გადაცემის ანონსში თქვეს, რომ მათი მიზანი იყო ამ ვიდეორგოლის გარჩევა და ნახევარი საათი ისე ისაუბრეს, რომ საერთოდ არ გაურჩევიათ. აქედან ჩანს, რომ სათქმელი არაფერი აქვთ. დანარჩენი არის ზოგადი გზავნილები. ადრე იყო „რუსული კანონი“, ახლა არის „არაბული ქალაქი“. აქამდე არიან დასულები, ორი სიტყვა შეუძლიათ ატრიალონ, მესამეზე უკვე ვერ გადადიან. ეს არის ჩვენი ოპონენტების კომპეტენცია,“- განაცხადა პრემიერმა.









