„გარდა ჩვენი განცხადებებისა, არსებობს საჯარო წყაროებში კვლავაც მოძიებადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებდნენ რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები ომის დაწყების უახლოესი დღეებიდან. ეს ხომ საჯარო ინფორმაციაა. დღეს რომ გამოდიან და საუბრობენ იმაზე, რომ აღარ უჭერენ მხარს სანქციებს, მებრძოლ მოხალისეებზე ჯერ არ გაუკეთებიათ განცხადება, ვინ იყო, ვინც ამის გამო პრორუსულ ხელისუფლებად გამოგვაცხადა? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

"ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, პრაქტიკულად მეორე დღესვე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გამოაცხადეს პრორუსულ, პუტინისტურ ხელისუფლებად ორი მიზეზით - ერთი იყო ის, რომ სანქციები არ დავუწესეთ რუსეთს და მეორე ის, რომ მებრძოლი მოხალისეები არ გავაგზავნეთ. დღეს ამ „პრორუსულ“ განცხადებებს აკეთებენ თავად.

„ენჯეოებს" ჰქონდათ რევოლუციის ორი მცდელობა და ასეთ პირობებში რომ გეუბნებიან, რომ მათი რევოლუციის მცდელობა გამჭვირვალეც კი არ უნდა იყოს, ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიყალბეა და ამაზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შეფასება. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს უკვე თავად ამბობენ, რომ არ ემხრობიან სანქციების დაწესებას, გვარამია გამოდიოდა, ვაშაზძე გამოდიოდა და აბსოლუტურად სხვა პოზიცია ეჭირათ. გახსოვთ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ან ერთი ენჯეოშნიკი მაინც, რომელმაც დაგმო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით? არც ერთი. პირიქით, მათ მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის ხელისუფლების მიმართ, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც მათ გაიწვიეს ელჩი საქართველოდან. ისინი პირდაპირ ჩართული იყვნენ აგიტაციაში, რომელიც ითვალისწინებდა სწორედ სანქციებთან მიერთებას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, ქვეყნის ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, მეორე ფრონტად საქართველოს ქცევას. გახსოვთ ლომჯარიას, გიგაურის განცხადებები, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთო და ა.შ. ეს ხომ არსად გამქრალა? არსებობს არქივი, რომელიც უტყუარად მიუთითებს იმაზე, რომ არსებობდა პირდაპირი აგიტაცია მეორე ფრონტის სასარგებლოდ და სამწუხაროდ, ეს ენჯეოები არიან პირდაპირ დაფინანსებული უცხოეთიდან და მთელი ამ წლების განმავლობაში გამჭვირვალეც არ იყო მათი ფინანსები. რაც შეეხება ოპოზიციას, მათაც აქვთ საკმაოდ სერიოზული გარე მხარდაჭერა, რაც ჩვენთვის შემაშფოთებელია, ვინაიდან როდესაც გარე მხარდაჭერით სარგებლობენ სუბიექტები, რომლებიც გამოირჩევიან მტრული დამოკიდებულებით სახელმწიფოს მიმართ, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.