"რუსთავი 2-თან" - ექსკლუზიურ ინტერვიუში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა:
- ამ სიტუაციაში, როდესაც ევროკავშირი და ევრობიუროკრატია ცდილობს მოახდინოს იმ ქვეყნების იზოლაცია, რომლებიც უფრო კონსერვატორები არიან ვიდრე ლიბერალები — ეხმარება ეს საქართველოსა და უნგრეთს ერთმანეთთან პარტნიორობის გაძლიერებაში? რადგან ვხედავთ, რომ საქართველო, უნგრეთი, ახლა უკვე ჩეხეთი, სლოვაკეთი და ა.შ. ცდილობენ იპოვონ პარტნიორები, რომლებიც მეტად კონსერვატორები არიან.
"ნახეთ რა ხდება. მე ამ პოსტზე ვარ 11 წელზე მეტია და ყოველთვის თავს მესხმოდნენ ამ არგუმენტით, რომ ჩვენ იზოლირებულები ვართ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ევროკავშირმა, ბრიუსელმა მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია და არა ჩვენი. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვართ იზოლირებულები, მაგრამ ეს ასე არ არის. რატომ? იმიტომ, რომ შესაძლო სამშვიდობო სამიტის ადგილი არის არა ბრიუსელი, არამედ ბუდაპეშტი. ასე რომ, ევროკავშირმა მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია გლობალური წესრიგის ყველაზე დიდი და ძლიერი მოთამაშეებისგან. მათ მოახდინეს საკუთარი თავის იზოლაცია შეერთებული შტატებისგან. ვგულისხმობ, ლიბერალმა პოლიტიკოსებმა ევროპაში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ — როგორ ელანძღათ პრეზიდენტი ტრამპი უფრო სასტიკი და ბინძური ფორმით. ეს ხდებოდა მხოლოდ ლიბერალური მედიის დასაკმაყოფილებლად და ამას არა მხოლოდ ჩვენ ვამჩნევდით, არამედ პრეზიდენტ ტრამპსაც ახსოვს. მეორე — ევროპამ მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია რუსეთისგან სანქციებით, თავისი რუსოფობიური პოლიტიკით, რუსულ-უკრაინული ომის რუსეთ-ევროპის ომად განხილვით, რაც სიგიჟეა. ევროპამ მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია ჩინეთისგან, ჩინეთის სისტემურ რისკად და სისტემურ მეტოქედ მიჩნევით, რაც — ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ სისულელეა, რადგან ჩინეთს აქვს თავისი სისტემა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სისტემა და რატომ უნდა ვიმეტოქეოთ ა, სისტემების გამო? ეს მათზე და ჩვენზეა დამოკიდებული და მოდით ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. მაგრამ სისტემების მეტოქეობა — ეს არის ტიპური ბრიუსელის... ტელევიზია რომ არ იყოს, ვიტყოდი ნაგავი და მეოთხე — ევროკავშირმა მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია მომავლის კონტინენტისგან, როგორიცაა აზია, აფრიკა. რატომ? იმიტომ, რომ ბრიუსელი ყოველთვის აყენებს ლგბტ საკითხს, როგორც წინაპირობას ნებისმიერი სახის სავაჭრო ან ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, ამას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს.
საქმე ისაა, რომ საქართველო ან უნგრეთი კი არ იზოლირებული, არამედ იზოლირებულია თავად ევროკავშირი. მე ნამდვილად მიმაჩნია უნგრეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვნად, რადგან ჩვენ ერთსა და იმავე ფასეულობებს წარმოვადგენთ.
ჩვენ არასდროს გვსურდა ერთმანეთის შიდა საკითხებში ჩარევა. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით შედეგებს, ყოველთვის პატივს ვცემდით ჩვენი ერების გადაწყვეტილებებს. და ჩვენ ავაშენეთ მყარი თანამშრომლობა, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას. ჩემს კომპეტენციას აღემატება იმის თქმა, რომ საქართველოში ესა თუ ის უნდა გააკეთოთ. მე ამით რომ დავკავებულიყავი, ეს ნიშნავს, რომ არ ვკავდები უნგრეთით, მაშინ, როდესაც ხელფასს ვიღებ უნგრეთის საკითხების მოგვარებისთვის და არა საქართველოსი. ფაქტია, აზროვნების ეს წესი ახლა სრულიად უცხოა ევროპაში — ყველა ძალიან ჭკვიანია სხვის საქმეში. შეხედეთ რა მოხდა საქართველოსა და მოლდოვის არჩევნების შემდეგ. ვგულისხმობ ადგილობრივ არჩევნებს. მომდევნო საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, როდესაც თქვენ გქონდათ ადგილობრივი არჩევნები, ყველა აქებდა მოლდოვას ასეთი ჭკვიანური გადაწყვეტილების მიღებისთვის და ყველა ლანძღავდა საქართველოს "ქართული ოცნების" გამარჯვების გამო. და ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ულოცავდნენ მოლდოვის შედეგს, რაც არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ისინი ამ არჩევნებში ჩაერივნენ", - აცხადებს სიიარტო.









