„ოცნება“ გრძნობს, რომ სუსტად არიან რეგიონებში, ამიტომ გადავიდნენ ძალადობაზე, პრაქტიკულად ადამიანი სასიკვდილოდ გაწირეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც  დმანისის ყოფილ მერზე, გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

„პრაქტიკულად „ოცნება“ გრძნობს, რომ ისინი სუსტად არიან რეგიონებში. ისინი გრძნობენ, რომ გავლენიანი ავტორიტეტული ადამიანები დგებიან ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს და სხვა გზა არ აქვთ, თუ არა გადავიდნენ ძალადობასა და დაშინებაზე.

პრაქტიკულად ადამიანი სასიკვდილოდაც გაწირეს. ადვილი წარმოსადგენია, რა რთულ პერიოდში, რა რთულ საარჩევნო ციკლში შევდივართ შემდეგი ერთი წლის განმავლობაში.

ამას ძალიან ზედმიწევნით, კარგად უნდა დააკვირდნენ საერთაშორისო პარტნიორები. ისევე როგორც ქართველი ხალხის აქტიურობა, უცხოელი პარტნიორების ჩართულობა გადამწყვეტი იქნება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა „ოცნებამ“ ცოტა მაინც შეამსუბუქოს და უკან დაიხიოს ამ ძალადობის გზაზე“,- აღნიშნავს პეტრე ცისკარიშვილი, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.