„ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში აკონტროლებს ყველა ინსტიტუციას და სწორედ აქედან გამომდინარე საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ არის მზარდი ავტორიტარიზმი ქვეყანაში.“ - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი სენატორი ჯინ შაჰინის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მიმდინარეობს შიდა ბრძოლა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არის საქართველო. საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ.“

პეტრე ცისკარიშვილმა ასე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ გრძნობს, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების პირობებში, ისინი ძალაუფლებას დაკარგავენ და ამიტომ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს;

„რაც შეეხება ჯინ შაჰინის განცხადებას, „ქართული ოცნება“ გრძნობს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების პირობებში, ისინი ძალაუფლებას დაკარგავენ. ამიტომ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, არ გატარდეს ის რეფორმები, რომელიც აუცილებელია ევროინტეგრაციისთვის, რადგან 12 პუნქტი ტექნიკური დავალება კი არ არის, არამედ იქ არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნები, პირობები, ვალდებულებები, რომ საქართველოს ტრანსფორმაცია მოხდეს უფრო მეტად დემოკრატიული სისტემისკენ, კანონის და სამართლის უზენაესობაზე დამყარებული ინსტიტუციებისკენ და არა ისეთი ინსტიტუციების პირობებში ცხოვრება გავაგრძელოთ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს ყველაფერს - მართლმსაჯულებას, პროკურატურას, სასამართლოს, პარლამენტს, მერიას, მთავრობის ყველა წევრს, მინისტრს. ეს არის ერთი კაცის ქვეშ შექმნილი ვერტიკალი, რომელიც ვერანაირად ვერ იქნება დემოკრატიული და სწორედ აქედან გამომდინარე საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ არის მზარდი ავტორიტარიზმი ქვეყანაში.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.