საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესრულებას უკავშირდება.
მისივე თქმით, ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას აღიარებს, თუმცა მასში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ჯერ კიდევ ჩასატარებელია მნიშვნელოვანი სამუშაო.
პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა და ევროკავშირი მზადაა, ამ გზის ყოველ ნაბიჯზე ქვეყნის მხარდაჭერა გააგრძელოს.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესრულებას უკავშირდება. ამ ნაბიჯების განხორციელება შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის გადამწვეტი იქნება. ეს გაფართოების პროცესის ბუნებაა, მუდმივი რეფორმები, რათა თქვენი ქვეყანა მზად იყოს, როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანმა წევრმა, თავისი ადგილი დაიკავოს. ანგარიში საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას აღიარებს, თუმცა მასში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ჯერ კიდევ ჩასატარებელია მნიშვნელოვანი სამუშაო, ისეთი არსებითი რეფორმების სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა. ამისთვის საქართველომ პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შეამციროს. ერთად დიდი მიღწევებია შესაძლებელი. ახლა საქართველოს ლიდერებმა, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ერთად და კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად და ევროკავშირის მიერ დასახული ახალი ნაბიჯების გადასადგმელად. ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის გაფართოებამ აჩვენა, როგორც კი იქნება ფართო პოლიტიკური კონსენსუსი, რომლის შედეგადაც შესაძლებელია რეფორმების განხორციელება, პროცესი შეიძლება, ძალიან სწრაფად წარიმართოს. ამ ნაბიჯების მიზანი არ არის ბრიუსელისთვის თავის მოწონება, არამედ ის მიმართულია საქართველოს მოსახლეობის, ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე. საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა. მზად ვართ, ამ გზის ყოველ ნაბიჯზე თქვენი მხარდაჭერა გავაგრძელოთ. დღეს ევროკომისიამ ასევე გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი დოკუმენტი ინგლისურად საქართველოს წინსვლის შესახდებ, ეს 136-გვერდიანი ანგარიში ასახავს საქართველოს მზაობას ყველა სფეროში. მისი თოთოეული თავი ასევე შეიცავს რეკომენდაციებსა და მითითებებს იმის შესახებ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს ადმინისტრაციასთან რაც შეიძლება უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ.
დღეს საზეიმოდ კარგი მიზეზი გვაქვს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ საქართელოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა ერთხმად, წელს დეკემბერში უნდა მიიღონ. ამ გადაწყვეტილებამდე დარჩენილია დაახლოებით ხუთი კვირა და ყოველი დღე მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ყოველი დღე გამოყენებული იქნება საქართველოს წინსვლისთვის ამ გზაზე.
საქართველოს მთელ მოსახლეობას, ხალხს კიდევ ერთხელ გილოცავთ და მადლობას გიხდით ძლიერი ევროპული მისწრაფებისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, გიდასტურებთ სრულ ერთგულებას, დაგეხმაროთ საქართველოსთვის უკეთესი მომავლის აშენებაში, უსაფრთხო და აყვავებული ცხოვრების შექმნაში თქვენთვის და მომავალი თაობებისთვის. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, გილოცავ, საქართველო“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.