ჩვენ მზად ვართ, ღია ვართ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსთვის მიგვეცა შესაძლებლობა, ყოფილიყო ერთ-ერთი ჩვენგანი, მაგრამ ამისთვის გვჭირდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დავინახოთ ერთგულება, სერიოზული რეფორმები. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი დაფუძნებულია ღირებულებებსა და პრინციპებზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე.
„როგორც ევროკავშირი, ჩვენ ასევე ღია ვართ სხვა ქვეყნებისთვისაც, რათა შემოგვიერთდნენ, რა თქმა უნდა, ეს ხდება ნებაყოფლობით. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ოფიციალურად მიმართეს ევროკავშირს გაწევრიანებაზე და სწორედ „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიმართა ევროკავშირს 2022 წელს გაწევრიანებაზე. მე აქ გამომგზავნეს როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, რათა დავხმარებოდი ამ პროცესში და დავრწმუნებულიყავი, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად შეუერთდებოდა ევროკავშირს, მაგრამ ამ განცხადებით ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, გარდაქმნას საქართველო, რათა ის ჩვენ შორის იყოს. აიღეს ვალდებულება, დაემორჩილონ და პატივი სცენ იმავე პრინციპებს: დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს და რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, საქართველოში მიღებული ქმედებები, გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს. ეს არაერთხელ იყო ნათქვამი ევროპის საბჭოს, ჩვენი ყველა ლიდერის მიერ.
ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს – გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას, გთხოვთ, დაგვიახლოვდით და ნუ წახვალთ ჩვენგან შორს. სამწუხაროდ, ჩვენი მოწოდებები სრულიად იგნორირებულია. უარესი კი, არის ის, რომ ჩვენ რასაც ვხედავდით საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს არის დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და სრული დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებიც ქუჩაში ხალხს სცემდნენ. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი ცდილობს სანქციების დაწესებას ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.
როგორც არაერთხელ აგიხსენით, იმისთვის, რომ სანქციები შემოვიღოთ ევროკავშირის დონეზე, გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ, ჩვენი წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ გადაწყვიტა სანქციების შემოღება და სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს ფიზიკური პირებისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ძალადობაზე თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში. ამავდროულად, ევროკავშირის დონეზე, ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როდესაც 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება იქნება მიღწეული“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.