პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი “ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატები ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა გაერთოანდებიან.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" მას შემდეგ დატოვეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს მხარი დაუჭირეს.

პოლიტიკურ ჯგუფს მაჭუტაძე უხელმძღვანელებს, რომელმაც "აიპრესთან" განმარტა, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკურ ჯგუფში მხოლოდ ის და ბაჩუკი ქარდავა იქნებიან, თუმცა, კონსულტაციები სხვა კოლეგებთანაც მიმდინარეობს. ნიკა მაჭუტაძე თავს იკავებს, დაასახელოს იმ დეპუტატების გვარები, ვისაც მათ პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანებას სთავაზობს.

მეათე მოწვევის პარლამენტში  “ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ რიგით მეათე პოლიტიკური ჯგუფია, რომლის რეგისტრაციის საკითხი 26 სექტემბერს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა განიხილოს.