პარლამენტმა განიხილა დადგენილების პროექტი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2)“ რატიფიცირების შესახებ“ და 87 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი.

დოკუმენტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ საკითხი ეხება პროფესიული განათლების მხარდაჭერის კვალდაკვალ  სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდაჭერილი კრედიტის გამოყოფას.

  „ამ კრედიტის პირველ ფაზას 2020 წელს მოეწერა ხელი და მივიღეთ 42 მლნ 416 ათასი ევრო. ახლა უკვე მეორე ფაზაა, რომელიც გულისხმობს პროფესიულ განათლებაში რეფორმების მხარდაჭერას,  რაც თავის თავში მოიაზრებს ხარისხის გაუმჯობესებას, კერძო სექტორის მეტ ჩართულობას, როგორც დაფინანსების, ასევე, სტუდენტების რაოდენობის ზრდას.  შესაბამისად, ამ რეფორმების კვალდაკვალ, დამატებით ხდება, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტის სახით 68 მლნ 198 ათასი ლარის გამოყოფა. ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან ლარში მივიღებთ სესხს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია 2025 წლის ბიუჯეტში. სესხი 15 წლიანი, მათ შორის 3-წლიანი საშეღავათო პერიოდით.