პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 91 ხმით დაამტკიცა.

მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000-ლარიანი ზღვარი და შესაბამისი განაკვეთები) და დგინდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ წარადგინა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ქონების გადასახადისგან 81 ათასი ოჯახი გათავისუფლდება.

დაჩქარებული წესით მოთხოვნილი კანონპროექტი გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.

აღნიშნული ცვლილება იმ ქონების გადასახადზე გავრცელდება, რომლის დეკლარირება, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ შესაბამისად, 2026 წელს უნდა განხორციელდეს.