ჩორჩანას ეპიზოდის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს ბუნდოვანება, იყოს მკაფიოდ გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, რომ სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს და მსგავსი შეცდომები არ განმეორდეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, რა ფაქტებს და გარემოებებს ჰქონდა ადგილი.

„ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის ჩორჩანას ეპიზოდის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს ბუნდოვანება, იყოს მკაფიოდ გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, რომ ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს და მსგავსი შეცდომები არ განმეორდეს. გამოძიება დაადგენს, რა ფაქტებს და გარემოებებს ჰქონდა ადგილი, ამის შემდგომ უკვე გვექნება შესაძლებლობა, უფრო დეტალურად ვისაუბროთ. გამოძიება მიმდინარეობს და მე თავს შევიკავებ სხვა კომენტარისგან“, – განაცხადა პაატა სალიამ.

საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს გახსნის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.