მანდატების გაუქმების შემდეგ კოალიციების საფუძველი არც სამართლებრივი და არც სხვა რამ არსებობს, კოალიცია დაშლილი არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ კოალიციის სუბიექტები გაქრნენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთიანობაზე როდესაც არის ლაპარაკი, სხვა პარტიების ერთიანობაც უნდა იყოს.
„ერთიანობაზე როდესაც ვლაპარაკობთ, მარტო ჩვენი კოალიციის შიგნით კი არა, კიდევ სხვა პარტიების ერთიანობა უნდა იყოს და ეს ხელს ამას არ უშლის. როცა ვაკეთებ განცხადებას, ეს არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადება, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ის მისია, ხშირად ერთობლივადაც ვაკეთებთ ხოლმე. პარტიები კი არ გაქრნენ კოალიციის გამო, პირიქით, პარტიები უნდა გაძლიერდნენ, ჯამში გვექნება ძალა. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ რომ ავიღოთ, ის შედგებოდა „სტრატეგია აღმაშენებლისგან“, „ევროპული საქართველოსგან“, მასთან ერთად იყო სამი სუბიექტი. ასევე „ახლებში“ იყო რამდენიმე სუბიექტი. ეს ბუნებრივი პროცესია, არაფრისგან ჭიქაში ქარიშხალს რატომ ვქმნით? უამრავი პრობლემაა ქვეყანაში, ხალხი ჩარჩენილია გურიაში და ახლა ვლაპარაკობთ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელი““, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.